ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან #1TVSPORT
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნის. ინიციატივის ფარგლებში, ბორჯღალოსნები 2 და 9 ივლისს მოედანზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ.

ორივე მატჩში ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და მას რაგბის სამყარო თუ გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პანდემიის პირობებში, პირველ და მეორე შეხვედრას საქართველოსთან მართავენ, მერე კი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ერკინებიან. 17 ივლისს ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, მოედანზე კვლავაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

„ქალთა უფლებების მხარდაჭერის გლობალურ გზავნილს ტესტ-მატჩების ფორმატში სამხრეთ აფრიკასთან კიდევ ერთხელ გავახმოვანებთ. გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ სპონსორობაზე, მხარი დავუჭიროთ გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს სოციალურ პროგრამებში და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს რაგბის კავშირისა და ყველა მორაგბესთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ასეთ მნიშვნელოვან ტესტებს ამ ლოგოთი ვითამაშებთ. ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს პრობლემაა და მის  წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ახლა უკვე გლობალური მასშტაბით ვუერთდებით. მთავარი სპონსორის ნაცვლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გამოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია ქალთა მხარდასაჭერად“, – აღნიშნავს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

„ჩვენთვის პატივია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაში კიდევ ერთხელ ვერთვებით და ზაფხულის ტესტების უმნიშვნელოვანეს თამაშებზე ამ გზავნილით გავალთ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნავს ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

„მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ამ საკითხში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნები ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნიან“, – აცხადებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი. 

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მამაკაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ – UNiTE to End Violence against Women და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. ამასთან, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ მამაკაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.

rugby.ge