ზაალ უდუმაშვილი - ​ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებული ვიქნებით
ზაალ უდუმაშვილი - ​ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებული ვიქნებით

მინდა, გამოვეხმაურო ბათუმში გამართულ გუშინდელ აქციას და იმ წუხილებს, რომელიც მოჰყვა გარკვეულ ადამიანთა წრეებში, მათ შორის პოლიტიკურად არაანგაჟირებულ ადამიანებში; ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ახლა წინასაარჩევნო კამპანია შევიდა ფინალურ სტადიაში და წარმოუდგენელია საარჩევნო კამპანიის წარმოება ფართომასშტაბიანი შეკრებების გარეშე, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს შეკრება ბათუმში არ ყოფილა პირველი და მანამდე ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი შეკრება ვნახეთ, მათ შორის ეს იყო პოლიტიკური, საზოგადოებრივი, რელიგიური თუ სპორტული შეკრებები.

რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში ნამდვილად არ ველოდით ჩვენ ხალხის ამხელა ნაკადს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად, მათ შორის იყო თერმოსკრინინგის აპარატებიც. იყო პირბადეებიც, რომლებიც რიგდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი შეიქმნა. ამიტომ, შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ 5 000-მდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ ეკეთა პირბადე და ხალხის დიდი ნაკადიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ყველა ადამიანთან მისვლა და მათი გაფრთხილება. მაგრამ ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებული ვიქნებით, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები ჩვენს აქციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ოცნების“ დამარცხების გარეშე ამ ქვეყანაში არც კოვიდი დამარცხდება და არც სწრაფი ცვლილებები დაიწყება.

​სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ ლიდერების მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთი ასეთი მასობრივი შეკრება ვნახეთ „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, თუნდაც გავიხსენოთ ივნისში კიკვიძის ბაღში რა ხდებოდა, ასევე გავიხსენოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში რა ხდებოდა ე.წ. დენდროლოგიურ პარკში, სადაც ასეულობით ადამიანი მიყავდათ ყოველდღიურად, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე; თუნდაც ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია ზოგადად კოვიდზე ზრუნვაზე, პირიქით ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის წმინდა წყლის წინასაარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ახლა მთავარია, რომ ყველა ერთად ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ეს არის ომი, ეს არის მშვიდობიანი ომი რომელშიც 31 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.