ზაალ უდუმაშვილი - მელიასა და რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის ფანჯარა დარჩეს
ზაალ უდუმაშვილი - მელიასა და რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის ფანჯარა დარჩეს

ძალიან რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვაგან და სხვა ოთახში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება.

ამასთან, უდუმაშვილი ამბობს, რომ მელიას და რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის გარკვეული ფანჯარა იყოს დატოვებული.

„ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ, შესაბამისად, ახლა დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას ალბათ უკვე დაურეკეს, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მას არანაირი კავშირი არა აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ კიდევ შესაძლოა, დატოვებული არის. მაგრამ ამავე დროს, მინდა, განვაცხადო, რომ ნიკა მელიასთან ერთად ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც, რადგან ისიც პოლიტიკური პატიმარია და პოლიტიკური დევნილია ამ ხელისუფლების მხრიდან. უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ და არც თავად ნიკა, რომ ივაჭროს საკუთარი გათავისუფლებით. ამიტომ ის მოთხოვნები. რომლებიც აქამდე იყო, ყველაფერი ძალაში რჩება. უბრალოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის გარკვეული ფანჯარა იყოს დატოვებული.

ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის არც ერთი თეთრის გადახდას არ აპირებს ამ უკანონო გირაოზე, რადგან ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე. მას არანაირი კავშირი არა აქვს სამართალთან. როგორც მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ, სწორედ ასევე უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.