ზაალ უდუმაშვილი - ვნახეთ, რომ არანაირი მესამე პოლიტიკური ცენტრი არ არსებობს და ასე ხელოვნურად ვერც შეიქმნება
ზაალ უდუმაშვილი - ვნახეთ, რომ არანაირი მესამე პოლიტიკური ცენტრი არ არსებობს და ასე ხელოვნურად ვერც შეიქმნება

ვნახეთ, რომ არანაირი მესამე პოლიტიკური ცენტრი არ არსებობს და ასე ხელოვნურად ვერც შეიქმნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი ფორმულა, რომელიც არსებობს, რომ რეჟიმი შეიცვალოს, ეს არის ძალების გაერთიანება.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა ქვეყანაში, ვის როგორ წარმოუდგენია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მოხდეს არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ ადრეც ვამბობდით და დღესაც ვადასტურებთ, ერთადერთი ფორმულა, რომელიც არსებობს, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს, ეს არის ძალების გაერთიანება და ჩვენი ერთობა. ძალიან ვუფრთხილდებით ერთობას ამ თვეების განმავლობაში და მაქსიმალურს ვაკეთებდით, რომ ეს შენარჩუნებულიყო. იმედს ვიტოვებ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას, ცოტა ვერ წარმომიდგენია ასე ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ცენტრები. ამის მცდელობა ჩვენ არაერთხელ ვნახეთ და არაერთხელ იყო ინიცირებული რაღაც მესამე პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ ვნახეთ, რომ არანაირი მესამე პოლიტიკური ცენტრი არ არსებობს და ასე ხელოვნურად ვერც შეიქმნება. ახლა არ არის დრო, რომ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადავაყოლოთ ეს ქვეყანა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არ ყოფილა შეთანხმების გაფორმება „ქართულ ოცნებასთან“ და პარლამენტში შექმნა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, არის და რჩება, ის, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება არჩევნების გზით. მთავარი მიზანი იყო ვადამდელი არჩევნები, ვიდრე ამ მიზნამდე არ მივალთ, არ შეიძლება საუბარი რაიმე სახის პოლიტიკურ გადანაწილებაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მესამე ძალის შექმნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და რეალური პოლიტიკური კონკურენცია იქნება, პოლიტიკური ძალები კონკურენციაზე გადავლენ, ვინ მეტს გააკეთებს ხალხისთვის.

„ჩვენ ახლა მაღალი ტემპი უნდა ავკრიფოთ და ვფიქრობ, ამისთვის ყველა რესურსი გვაქვს, იგივე მუშაობის პროცესში, იქნება ეს პარლამენტში, რეგიონებში თუ აბსოლუტურად ყველგან, მთელ საქართველოს უნდა მოვედოთ. ის ხალხი, ვინც თავს მესამე ძალის ცენტრში წარმოიდგენს, უნდა ვესაუბროთ ხალხს, დავანახოთ, რომ რეალური ალტერნატივა არის, ძლიერი გუნდი ვართ, ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღება შეგვიძლია, რაც ერთხელ უკვე ვაჩვენეთ, რომ დამოკიდებული არ ვართ სხვების გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.