ზაალ უდუმაშვილი - ვახტანგ გომელაურს დღეს არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან მდგარიყო
ზაალ უდუმაშვილი - ვახტანგ გომელაურს დღეს არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან მდგარიყო

გომელაური გაიქცა და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო, რადგან ვახტანგ გომელაურს დღეს არანაირი უფლება არ ჰქონდა, არც მორალური და არც სამართლებრივი, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან მდგარიყო და იქიდან მოგვესმინა მისი არგუმენტებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტში დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის პროტესტის ეშინია.

„მისი დამსახურებით, 5-6 ივლისს თბილისი აღმოჩნდა პრაქტიკულად ტერორისტების ქვეშ, რომელებიც გაშმაგებული დასდევდნენ როგორც ჟურნალისტებს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ვახტანგ გომელაური სულ მცირე, სახლში უნდა იჯდეს და განცხადება უნდა ჰქონდეს დაწერილი, პასუხობდეს გამოძიების კითხვებს, რატომ მისცა რადიკალურ დაჯგუფებებს თბილისში თარეშის უფლება და ჟურნალისტებზე ასე გასწორების უფლება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალადობ ყველგან, ქუჩაში, პარლამენტში. დღეს ხომ კარგად ვნახეთ, რა მოქმედებები ხდებოდა პარლამენტში. ჩვენი აქცია, რომელიც გამოხატული იყო ტრიბუნასთან და უბრალოდ სურათები გვეჭირა ხელში, როგორ გამოცვივდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ გადაფარებოდნენ ვახტანგ გომელაურს, რათა მას ხელი არ შეშლოდა.

ვერ აიტანეს ვერც ჟურნალისტების მიერ გადმოკიდებული ბანერი, რადგან დიახ, მათ ეშინიათ. ეშინიათ იმ პროტესტის, რომელიც დღეს ხალხშია. ასე მოუწევთ ყველგან, სადაც მივლენ, საჯაროდ ვეღარ გამოჩნდებიან. უკვე შეშინებულები ბრიფინგებს ვეღარ ატარებენ. სადაც მივლენ, ყველგან მოუწევთ პროტესტის გაგონება. დღეს ყველამ კარგად ვნახეთ, რაც განხორციელდა ჩვენს დეპუტატზე სხდომათა დარბაზში. კარგად დავინახეთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თინა ბოკუჩავას, რადგან ის არ მიახლოებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილის და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება“, – განცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი