ზაალ უდუმაშვილი - შეთანხმებას არ განვიხილავთ, ვიდრე ნიკა მელია არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ეს არის ჩვენი მთავარი პოზიცია, რითაც წარვდგებით შარლ მიშელის წინაშე
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის საქართველოში და პირადად გაეცნობა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის პოზიციას, რომელმაც მოაწერა, თუ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს. ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, მივალთ და გავაცნობთ ჩვენს მყარ პოზიციას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, პარტიაში არანაირ შეთანხმებას არ განიხილავენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის საქართველოში და პირადად გაეცნობა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის პოზიციას, რომელმაც მოაწერა, თუ არ მოაწერა ხელი. ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, მივალთ და გავაცნობთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე იმყოფება ციხეში, არანაირ შეთანხმებას არ განვიხილავთ პარტიაში. ამის განხილვა დაიწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ეს არის ჩვენი მთავარი პოზიცია, რითაც წარვდგებით შარლ მიშელის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება. მანამდე, ჩვენ ამ საკითხზე არც პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც არ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
როგორც უდუმაშვილა აღნიშნა, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, მიიღეს ინდვიდუალური გადაწყვეტილება და ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს მათი საქმეა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომელსაც მგონია, იზიარებენ, რადგან ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ყველა გზავნილი, რომელიც მოდიოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, პირველი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე უნდა გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენი მთავარი არგუმენტი, რადგან ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება, არანაირ შეთანხმებას არ აქვს აზრი. დანარჩენებზე, ვინც ხელი მოაწერა, ყველამ მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს მათი საქმეა, თუმცა ამავე დროს, მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა მათგანმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ იქამდე, ვიდრე ნიკა მელია არ გათავისუფლდება. ეს პოზიცია, რომელიც ჰქონდათ ხელმოწერამდეც, ხელმოწერის შემდეგაც შენარჩუნდა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ ხელი მოაწერეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.