ზაალ უდუმაშვილი - შემიძლია ზურაბ ჯაფარიძეს დავეთანხმო, რომ ყოველი შემოსული დოკუმენტი წინაზე უარესი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შეთანხმება არ შემდგარიყო
ზაალ უდუმაშვილი - შემიძლია ზურაბ ჯაფარიძეს დავეთანხმო, რომ ყოველი შემოსული დოკუმენტი წინაზე უარესი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შეთანხმება არ შემდგარიყო

შემიძლია ზურაბ ჯაფარიძეს დავეთანხმო, რომ ყოველი შემოსული დოკუმენტი წინაზე უარესი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შეთანხმება არ შემდგარიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მოლაპარაკების პროცესის შესახებ დამატებით დეტალებზე ზაალ უდუმაშვილს არ უსაუბრია.

„არსებობს შეთანხმება, რომ არ ვისაუბროთ დეტალებზე, ამიტომ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელიც მონაწილეობდა დიალოგში, მოვუწოდებ, რომ ასეთი დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე არსებობს დათქმა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს აეხდება ფარდა, არ დაიმალება არაფერი, მაგრამ ერთში შემიძლია დავეთანხმო ზურაბ ჯაფარიძეს, რომ ყოველი დოკუმენტი, რომელიც შემოდიოდა, წინაზე უარესი იყო, ანუ პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს შეთანხმება არ შემდგარიყო“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო, უახლოეს დღეებში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით მოსალოდნელია მწვავე განცხადებები.

„ნამდვილად არ ვიცი, რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“, რომ განაგრძოს მოლაპარაკებები. ეს იყო პირდაპირი გზავნილი, რომ ისინი არაფერზე აპირებენ შეთანხმებას არა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, არამედ  საერთოდ არც ერთ პუნქტზე იქიდან. თუმცა ერთია, რა სურს „ქართულ ოცნებას“ და მეორეა, რა პოზიცია აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლეულიყო საქართველოში. ამიტომ უახლოეს დღეებში ველოდები ამ ჩაშლილი მოლაპარაკებებზე ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მწვავე განცხადებებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადასაწყვეტია, რა ფორმით გამოუშვებენ მას, იქნება ეს 20 ივნისთან დაკავშირებული ამნისტია, თუ პროკურატურის შუამდგომლობა.

„ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, რა ფორმით გაათავისუფლებენ ნიკა მელიას, ეს იქნება 20 ივნისის ამნისტია თუ პროკურატურა შევა შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს. როგორც მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შტურმით უნდა აეღოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და დაეკავებინათ ნიკა მელია, სწორად ასე უნდა მიიღონ ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ გამოუშვებენ მას. ერთი შემიძლია გადაჭრით ვთქვა, ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აცხადებს: „ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყველა პუნქტთან მიმართებაში წამოსულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან“.