ზაალ უდუმაშვილი - საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, პარლამენტში უარი ეთქვათ ამნისტიის კანონზე და მელია საპატიმროდან ევროკავშირის გირაოს საფუძველზე გამოსულიყო
ზაალ უდუმაშვილი - საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, პარლამენტში უარი ეთქვათ ამნისტიის კანონზე და მელია საპატიმროდან ევროკავშირის გირაოს საფუძველზე გამოსულიყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეზე დღევანდელი პროცესისგან კარგი მოლოდინი არ აქვს.

მისივე თქმით, მელია უკანონო პატიმარია და მის გასათავისუფლებლად საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„კარგი მოლოდინი დღევანდელი სასამართლო პროცესისგან არ მაქვს, რადგან ეს პროცესიც იქნება ისეთივე ფორმალური, როგორიც იყო, რასაც აქამდე ვუყურებდით. ნიკა მელია წინა პროცესზე საერთოდ გააძევეს სასამართლო სხდომიდან და ვერ დაესწრება დღევანდელ სხდომას. ალბათ ახლა მოსამართლე უბრალოდ პროცესუალურ ნორმებს დაიცავს და მხოლოდ ასე წაიყვანს დღევანდელ სასამართლო პროცესს. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნიკა მელია რომ გათავისუფლდეს. ვერ ვხედავ აზრს, რატომ უნდა იყოს ნიკა მელია დღეს ციხეში, ის არის უკანონო პატიმარი და სასამართლოს, პროკურატურას შეუძლია, შევიდეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, თუმცა ამის იმედი ნაკლებად მაქვს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, უარი ეთქვათ ამნისტიის კანონპროექტზე და მელია საპატიმროდან ევროკავშირის გირაოს საფუძველზე გამოსულიყო.

„ზოგადად, საუკეთესო ვარიანტი და გამოსავალი იქნებოდა, რომ ნიკა მელიას წინადადება გაეზიარებინათ პარლამენტში და უარი ეთქვათ ამნისტიის კანონზე, ის გამოსულიყო ევროკავშირის გირაოთი, მაგრამ რასაც ვუყურებ, რადიკალური განსხვავებაა ამ ორ კანონპროექტს შორის. არსებობს ძალიან დიდი რისკი და საშიშროება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ვარიანტი გავა, რომ ამნისტია შეეხოს არა მხოლოდ იმ სამართლდამცველებს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბრძანებებს გასცემდა 20 ივნისის ღამეს.  იმ ადამიანებსაც კი, რომელთა დანაშაულიც ჯერ გამოკვეთილი არაა და შესაძლოა, მომავალში გამოიკვეთოს. ეს არის რადიკალური განსხვავება ორ კანონპროექტს შორის და ორი აზრი არაა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება საკუთარი პროექტის გატანას. ის, ვინც დამიზნებით ესროდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ბუნებრივია, არ უნდა იყვნენ ამნისტირებულთა შორის. ზოგადად, არ შეიძლებოდა ტოლობის ნიშნის დასმა იმ ადამიანებს შორის, ვინც დაზარალდნენ ოცი ივნისის ღამეს, ასევე  იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ძალადობდნენ ჩვენს თანამოქალაქეებზე. ამიტომ იყო, რომ ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამნისტიის პროექტი იყო ძალიან ბუნდოვანი და საჭიროებდა მეტ კონკრეტიკას“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.