ზაალ უდუმაშვილი - როგორ შეიძლება, ადამიანური ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო
ზაალ უდუმაშვილი - როგორ შეიძლება, ადამიანური ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო

ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, სწორედ ამ უკანონობას ვაპროტესტებთ ჩვენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ორი ადამიანი ივანიშვილის პოლიტიკური მძევლები არიან“.

„ის, რაც გუშინ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, ამას ამორალობაც არ ჰქვია. როგორ შეიძლება, ადამიანური ტრაგედია გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის. რა განცხადებებიც მოვისმინეთ „ქართული ოცნებიდან“, არ ვიცი როგორ უნდა შევაფასო. ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, სწორედ ამ უკანონობას ვაპროტესტებთ ჩვენ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პოლიციამ, 7 ნოემბერს, თბილისში ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავა. საქმე ეხება ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს – 2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა“, – ნათქვამია შსს- მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.