ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნებისადმი“ ჩვენი შეთავაზების გასაჯაროებაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ისედაც ვაპირებდით, დღეს თუ ხვალ გაგვესაჯაროებინა
ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნებისადმი“ ჩვენი შეთავაზების გასაჯაროებაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ისედაც ვაპირებდით, დღეს თუ ხვალ გაგვესაჯაროებინა

მოლაპარაკებები არ შეიძლება, უსასრულოდ გაიწელოს, მით უმეტეს, რომ ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა და ყველამ უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა „ქართული ოცნება“ მზად, დაიძლიოს ეს კრიზისი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

​მისივე თქმით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხელისუფლებისადმი ოპოზიციის შეთავაზების გასაჯაროებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„სიმართლე გითხრათ, არ მომისმენია, რა არის გასაჯაროებული და რა არა, თუმცა რომც გასაჯაროვდეს ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ისედაც ვაპირებდით, ეს გაგვესაჯაროებინა დღეს თუ ხვალ. ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. უბრალოდ ეს იყო ჩვენი შეთავაზება და წინადადება, რომლითაც ჩვენ მივმართეთ ჩვენი ელჩების საშუალებით „ქართულ ოცნებას“. ეს წინადადებები, ვფიქრობთ, არის რეალური გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. ასე რომ, არამგონია, ეს დასამალი იყოს. საბოლოო ჯამში, არც დაიმალებოდა, მაინც ვაპირებდით, რომ ამაზე ხმამაღლა გველაპარაკა, რადგან ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოება უნდა იცოდეს, რა წინადადებებით მივმართავდით „ქართულ ოცნებას“ და რომ ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ბერკეტი, რათა შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დაგვეძლია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრის ფორმატი ჯერ უცნობია.

„ვერ გეტყვით წინასწარ, რა ფორმატით გაიმართება შეხვედრა, ასევე დაესწრებიან თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. წინასწარ არ ვიცით, მაგრამ ალბათ იქნება განხილვა ჩვენი წინადადების და ალბათ მათი წინადადებისაც, რადგან ეს მოლაპარაკებები არ შეიძლება, უსასრულოდ გაიწელოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა და ყველამ უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა „ქართული ოცნება“ მზად, დაიძლიოს ეს კრიზისი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ანუ ყველა ის ჩამოთვლილი პუნქტი გადაჯაჭვულია იმასთან, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რადგან სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ დავიბრუნოთ მოპარული ხმები. მთავარი მოთხოვნა კვლავ რჩება ახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება ერთპარტიული პარლამენტი“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.