ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, სანდრა რულოვსის კარდაკარ შეხვედრებს ხელი შეუშალონ
ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, სანდრა რულოვსის კარდაკარ შეხვედრებს ხელი შეუშალონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს წინასაარჩევნო პროცესის წარმართვაში ხელს უშლის.

როგორც უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს.

„ბოლო კვირების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსები და მათი აქტივისტები, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირები, ფაქტიურად ცდილობენ, ხელი შეუშალონ სანდრა რულოვსის კარდაკარ შეხვედრებს. პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ გვითვალთვალებდნენ, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია. მისი დავალებით ახორციელებენ უკანონო თვალთვალს. ამის უტყუარი ფაქტები გვაქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დევნა განახორციელეს.

„რაზე ვსაუბრობთ, როდესაც სოფელ გრიგოლიშში „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა დაჭრა „ოცნების“ აქტივისტი. ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის დავალებებს ასრულებს მოადგილე ლევან კაკავა. ის თავისი დროის უდიდეს ნაწილს ზუგდიდში ატარებს, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი 60 პროცენტით არის გაზრდილი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ არჩევნებს სანდრა რულოვსი მოიგებს.

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას, რომელმაც მას ესროლა, წლებია, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, გვაზავა გრიგოლიშის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი.