ზაალ უდუმაშვილი - პოლიტიკური კრიზისი არ განელდება და რაც დრო გავა, კიდევ უფრო გამწვავდება
შექმნილი პოლიტიკური კრიზისი არ განელდება და რაც დრო გავა, კიდევ უფრო გამწვავდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, რადგან 2 000 უბანზე ოქმებში ბალანსი ვერ ჯდება და საერთოდ რაზეა საუბარი?! ეს უბნები რომც გაიხსნას, დათვლა რამდენად შესაძლებელია, ჩემთვის ეგეც წარმოუდგენელია. ასეთი რამ, რაც 31 ოქტომბერს მოხდა, მე არ მახსენდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად არის აცდენა 109 და 2 000 ოქმს შორის, რადგან როგორც საია აცხადებს, მათ მაქსიმალურად შეისწავლეს ყველა ოქმი და ოქმებთან მიმართებაში 109 საჩივარი ჰქონდა შეტანილი, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, საია რით ხელმძღვანელობს, როცა საუბრობს, რომ ასეთი მხოლოდ 109 ოქმია. მისი თქმით, პრობლემური ოქმები გაცილებით მეტია.
„ეს დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ. იმიტომ, რომ ყველა ოქმი ხომ ხელმისაწვდომია?! ის ოქმები, სადაც დისბალანსი იყო, მართლა ათეულობით არის და დათვლას ვერ ვასწრებდით, მაგრამ რეალურად, ამ ყველაფრით ჩვენ ხომ იქამდე მივედით, რომ არჩევნებმა აზრი საერთოდ დაკარგა?!“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა ძალიან მცირეა.
„რასაც ვუყურებ, დიალოგის შესაძლებლობა ძალიან მცირეა, რადგან ერთი მხრივ, ხელისუფლება საუბრობს რაღაც დიალოგზე, დავსხდეთ და კომპრომისული ვარიანტი გამოვნახოთო, მეორე მხრივ კი ოპოზიციას აშანტაჟებს. თუ პარლამენტში არ შემოხვალთ, დაფინანსებას დაკარგავთო. გვემუქრებიან და რაღაც ისეთი ტონით გვესაუბრებიან, რაც საერთოდ არანაირ ნიშანწყალს არ ტოვებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან რეალურად სურს დიალოგი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ დიალოგთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის პირველი და მეორე განცხადება, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მისი პირველი განცხადება ბევრისთვის ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლეოდა და სავარაუდოდ, მეორე განცხადება ამიტომ გაკეთდა.
„ის მეორე განცხადება პრინციპში, ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა, ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რადგან იქ ყველა პასუხი მოცემული იყო და აბსოლუტურად სრულ თანხვედრაში იყო იმ გეგმებთან, რომელიც პარტიას გააჩნია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
შეკითხვაზე, კარგავს თუ არა ოპოზიცია ბოიკოტის გაგრძელებით და პარლამენტზე უარის თქმით სერიოზულ ბერკეტს, რომ საარჩევნო პროცესი საპარლამენტო ინსტრუმენტის, საგამოძიებო კომისიის შექმნით გამოიძიოს, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ ოპოზიცია არ იღებს.
„აქ საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჩვენ უკან დგას და, რომელიც თვლის, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. დღეს ქუჩაში რომ გახვიდეთ და ათ ადამიანს ჰკითხოთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, ათიდან ათივე გიპასუხებთ, რომ გაყალბდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც დარწმუნებული არიან, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. უბრალოდ, ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ. თუ ამ მოცემულობას მივიღებთ, ესე იგი, ამ გაყალბებულ არჩევნებს ვთანხმდებით. რეალურად, ვიღებთ გაყალბებულ არჩევნებს და შევდივართ პარლამენტში, რომ ეს გაყალბებული არჩევნები შემდგომ გამოვიძიოთ. არ მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. აქედან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნებია. მეტი გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
საპროტესტო აქციები და პოლიტიკური დიალოგი – ზაალ უდუმაშვილი „თავისუფალ ხედვაში“