ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიციის ლიდერები გასულები არიან რეგიონებში, რათა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას, რატომ არის უმნიშვნელოვანესი 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრება
ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიციის ლიდერები გასულები არიან რეგიონებში, რათა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას, რატომ არის უმნიშვნელოვანესი 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრება

ოპოზიცია აქტიურად ემზადება 15 მაისის აქციისთვის, ოპოზიციის ლიდერები გასულები არიან რეგიონებში და მართავენ შეხვედრებს, რათა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ჩვენს მოსახლეობას, რატომ არის უმნიშვნელოვანესი 15 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ასევე, ხვალ ოპოზიცია გეგმავს რიყის პარკში გამართოს 15 მაისის საორგანიზაციო შეხვედრა.

„ჩვენს საზოგადოებას ვაცნობებთ, რა გეგმები აქვს ოპოზიციას 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით. დღეს, როდესაც აქ მოვიდა ჩვენი ტექნიკური ჯგუფი, რომელსაც უნდა დაეწყო სცენის მონტაჟი, გამოვიდნენ მერიის თანამშრომლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჩვენ თურმე არ გვაქვს უფლება სცენა ავაწყოთ. ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამისი წერილი თბილისის მერიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონის მიხედვით ვალდებულება არ გვქონდა რაიმე შეტყობინება გაგვეგზავნა მერიისთვის, ასეთი შეტყობინებები იგზავნება მაშინ, როდესაც იზღუდება სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ჩვენ ახლა რიყის პარკში ვიმყოფებით, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს აქციის გამართვის უფლება და არანაირი წინასწარი გაფრთხილება არ იყო საჭირო. ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, გასაგებია, რომ ხელისუფლებას ეშინია 15 მაისის. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ 15 მაისი შეკრება აუცილებად შედგება და ხელისუფლება აუცილებლად დაინახავს ქართველი ხალხის პროტესტს იმ უკანონობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს. ხვალაც აუცილებლად შედგება ეს შეხვედრა. ტყუილად ნუ ცდილობენ ხელოვნური ბარიერების შექმნას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი