ზაალ უდუმაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული
ზაალ უდუმაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული.

„ალბათ სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე, მე შემიძლია, გითხრათ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შემავალი პარტიები შეიკრიბნენ.

„დღეს არ ყოფილა კონკრეტული გადაწყვეტილებები, დღეს იყო სამუშაო შეხვედრა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე დავიწყეთ ძალიან აქტიურად მუშაობა საარჩევნო პროცესზე. არც ისე ბევრი დროა დარჩენილი არჩევნებამდე, ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. შესათანხმებელია უამრავი საკითხი, მათ შორის, მაჟორიტარების თემაც, როგორც „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ფორმატში, ასევე იმ დიდ ფორმატში, რომელიც „ლეიბორისტების ოფისში“ მიმდინარეობს. ეს საკითხები ყველაფერი დასალაგებელია. ჩვენს ინტერესშია, რომ ძალიან მალე შევთანხმდეთ მთლიანად ოპიზიცია, თუ რა სისტემით და რა ფორმატით გავდივართ არჩევნებში“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

კითხვაზე, ერთიანი სიით გახვალთ არჩევნებზე, უდუმაშვილმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

„კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გამოვაცხადებთ უახლოეს მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია, შევჯერდეთ ფორმატზე, თუ როგორი იქნება სტრატეგია მთლიანად ოპოზიციის. ანუ,  მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიცია დააყენებს ერთიან კანდიდატებს, თუ იქნება მეორე ტურში მხარდაჭერიული კანდიდატები. ორივე ფორმატს გააჩნია თავისი პლუსებიც და მინუსებიც. ეს საკითხები არის განსახილველი მთლიანად ოპოზიციაში და მათ შორის ამ ფორმატშიც – „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“,- დასძინა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 19 მაისს განაცხადა, რომ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი იყო, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.