ზაალ უდუმაშვილი - მთავრობა უნდა გადადგეს და 5-6 ივლისის მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება დაიწყოს
ზაალ უდუმაშვილი - მთავრობა უნდა გადადგეს და 5-6 ივლისის მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება დაიწყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს და 5-6 ივლისის მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება დაიწყოს.

„უმძიმესი დღე არის არა მხოლოდ „ტვ პირველისთვის“ და გარდაცვლილის ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ყველა ჟურნალისტისა და იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, ამ ქვეყნის განვითარება.

ძალიან მძიმეა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. აქ უკვე აღარ არსებობს მაგრამ, რაიმე, თუ და ა.შ. უნდა გადადგეს მთავრობა და დაიწყოს 5-6 ივლისის მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება. შექმნილი ვითარებიდან მეტი გამოსავალი არ არსებობს. დღეს არანაირი არგუმენტი და  მწუხარების წერილები არავისგან არ მიიღება, რადგან იმაზე, რაც მოხდა, პასუხისმგებელი არის უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება, რომელმაც ვერ უზრუნველყო ჩვენი მოქალქეებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება. პირიქით, ისინი იყვნენ სწორედ მაპროვოცირებელი იმის, რაც 5-6 ივლისს მოხდა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

„გასაგებია, შსს რასაც აპირებს, რომ მაქსიმალურად ისეთნაირად ჩახლართოს ეს საქმე, რომ თავი დაიძვრინოს, მაგრამ არაფერი მიიღება. ხომ კარგად ვნახეთ, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, რა ფორმით გადაასვენეს გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში. უმძიმესი კადრები ვნახეთ მთელმა საქართველომ. ეს მოხდა იმიტომ, რომ იქ დაიწყოს ამ საქმის რაღაც შეკერვები, მაგრამ არაფერი არ მიიღება. საზოგადოებამ ყველაფერი ნახა თავისი თვალით და რაც არ უნდა მოინდომოს დღეს ექსპერტიზამ, არანარი არგუმენტი, არანაირი გაყალბებული დასკვნები არ მიიღება. აქედან ერთადერთი გამოსავალია, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისაჯოს“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით,„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.