ზაალ უდუმაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო სიძულვილის ენით, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ
ზაალ უდუმაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო სიძულვილის ენით, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ

დღესაც ტრიბუნიდან გვესმოდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში მათ არაფერი არ აქვთ სათქმელი, თუ რა გააკეთეს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„ის, რაც დღეს პრემიერობის კანდიდატისგან მოვისმინეთ, ახალი ნამდვილად არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო „ქართულ ოცნებაში“ სიძულვილის ენით, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. დღესაც ტრიბუნიდან მთელი ამ დროის განმავლობაში გვესმოდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში მათ არაფერი არ აქვთ სათქმელი, თუ რა გააკეთეს ქვეყნისთვის. სამაგიეროდ, მთელი ყურადღება გადატანილია პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე და საჯარო შეურაცხყოფაზე, მაგრამ ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. გავრილოვის ხელისუფლებას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს პოლიტიკურ ოპონენტებზე, რადგან ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი დათმო ამ ცხრა წლის განმავლობაში რუსეთის სასარგებლოდ და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ეს ხელისუფლება არის, რომელიც პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან. ახლა თითოეული ჩვენგანი, საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის პარტნიორი ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება დაჩქარდება, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული“.

„ღარიბაშვილის მთავარი ამოცანა ალბათ ის არის, დააპატიმროს ნიკა მელია, მაგრამ ერთია, რა სურს ღარიბაშვილს და მეორეა, რა სურს ოპოზიციას, რა სურს ქართულ საზოგადოებას, რა სურს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ასე რომ, ამ ბრძოლაში ღარიბაშვილი ვერასდროს გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.