ზაალ უდუმაშვილი - გამოსავალი პლებისციტია, ეს ხომ ყველაზე მარტივი ფორმულაა
ზაალ უდუმაშვილი - გამოსავალი პლებისციტია, ეს ხომ ყველაზე მარტივი ფორმულაა

არანაირად არ არის მისაღები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა მმართველი პარტიის მზადყოფნაზე, თვითმმართველობის არჩევნებშიც აამოქმედონ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, გამოსავალი პლებისციტია.

​„არანაირად არ არის მისაღები, რადგან ეს არის ძალიან უსამართლო წინაპირობა. ძალიან მარტივად აგიხსნით, დავუშვათ 40-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, ეს ხომ ნიშნავს, რომ 60%-მა დაუჭირა მხარი ოპოზიციას, მისული ადამიანების 60%-მა მხარი დაუჭრა ოპოზიციას, ამ შემთხვევაში, 40% უფრო გადამწყვეტია, ვიდრე 60%“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

​ამასთან, შეკითხვაზე, რომ იგივე ლოგიკა იყო საპარლამენტო არჩევნებზე, იგივე არითმეტიკა, მაშინ რატომ არის ეს ჩამკეტი მექანიზმი მისაღები საპარლამენტოზე და მიუღებელი თვითმმართველობაზე, უდუმაშვილმა აღნიშნა: „იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე არ იყო მიბმული, უნდა ჩატარებულიყო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში. ეს იყო ფორმულა, რომელიც კონკრეტულად იმ არჩევნებს ეხებოდა და შემდგომ რა დაიწერეს რეალურად, ეგ სხვა ამბავია“.

„კიდევ მეორე, არანაკლებ უსამართლო ელემენტი, რომელიც აქ არის, დავუშვათ, მე ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ვემხრობი ვადამდელ არჩევნებს. ხომ შეიძლება, ასეთი ადამიანი იყოს, ისევე როგორც ოპოზიციის მომხრე შეიძლება იყოს, რომელიც არ ემხრობა ვადამდელ არჩევნებს. ასეთ შემთხვევაში, არჩევანს როგორ აკეთებ, რის მიხედვით აკეთებს ამომრჩეველი. ეს არის უსამართლო. რა თქმა უნდა, გამოსავალი პლებისციტია, ეს ხომ ყველაზე მარტივი ფორმულაა – ან კი, ან არა, არც პროცენტების მიბმა გჭირდება, არც ზედმეტი დათვლა არაფრის. პირდაპირ მიდის ადამიანი და ხაზავს. რატომ ეშინია, კი ვიცი, იმიტომ, რომ პლებისციტზე 100%-ით მარცხდება ხელისუფლება და სწორედ იმისთვის იგონებს ასეთ არითმეტიკულ ფორმულებს, რომ რაღაცნაირად ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.