ზაალ უდუმაშვილი - დიახაც, ხალხი ემუქრება ივანიშვილს, დროულად გადადგეს, მიიღოს რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილება
ყველა ვხედავთ, ეს ოჩოფეხებზე შემდგარი ივანიშვილის ძალაუფლებაც ირყევა, უკვე ყოველდღიურად ნაკერებზე ირღვევა. გავარღვევთ ბოლომდე ჩვენი ბრძოლით, ერთად ყოფნით, სიმტკიცით, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე.
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„ჩვენი აქციები იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე. ხომ ხედავთ, ნერვები აღარ ყოფნით უკვე. გუშინწინ რა ხდებოდა? – მშვიდობიან მომიტინგეებს რომ დაერივნენ და დაიწყეს მასობრივი დაპატიმრებები, 46 ადამიანი დააკავეს. ახლაც მიმდინარეობს ჩვენი თანამებრძოლების სასამართლოები და ყველას 2 000-ლარიან ჯარიმას უწერენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონდარღვევის ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ეს არის რეპრესიული მანქანა, ოღონდ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ჰგონიათ, ამით უკან დავიხევთ.
მინდა, მივმართო ამ უწყების ხელმძღვანელს, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ვინმეს ბოლოს გინახავთ სადმე ტიკარაძე? დამალულია აბსოლუტურად, არსად არ ჩნდება, ერთი განმარტება არ გაუკეთებია. ახლა აქ ვართ მოსული დეპუტატები, რომლებსაც კანონიერი უფლება გვაქვს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შევიდეთ ნებისმიერ დაწესებულებაში და შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელს. მინდა, მივმართო ტიკარაძეს – დეპუტატებს სურთ, თქვენგან მოისმინონ არგუმენტები, თუ რატომ არ მიეცემა მიხეილ სააკაშვილს იმის უფლება, რომ ისარგებლოს სამოქალაქო სამედიცინო სერვისებით. ჩვენ ველოდებით პასუხს, რომ უახლოეს წუთებში მიიღოს დეპუტატები. ასე დამალვა დიდხანს არ გაგრძელდება, როდემდე დაიმალებით, ხალხო, ან ვის დაემალებით. ყველას მოგეთხოვებათ საბოლოოდ პასუხი იმ დანაშაულზე, რომელსაც დღეს ჩადიხართ ქართული სახელმწიფოს წინაშე. არავინ მოგცემთ უფლებას, შეურაცხყოფა მიაყენოთ სახელმწიფოს და მის სიმბოლოს – პრეზიდენტს. იმ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა აქცია სახელმწიფოდ, რომელმაც პოლიციას დაუბრუნა ღირსება, მუნდირი, და დღეს ეს პოლიცილები ასრულებენ იმ უკანონო ბრძანებებს, რომელსაც იღებენ ზემდგომი ორგანოებიდან.
სააკაშვილმა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული არმია, რომლითაც ვამაყობთ ყველა და შექმნა სახელმწიფო, რომელიც თითით საჩვენებელი იყო მსოფლიო რუკაზე. დღეს ეს ქვეყანა ჩქარი ნაბიჯებით მიემართება რუსეთისკენ. არ დავუშვებთ ამას, ჩვენი ადგილი ევროპაშია, ევროპული ოჯახია. არც ერთი ნაბიჯი უკან, – ეს ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს უნდა იგრძნოს ივანიშვილმა, რომ მას საფრთხე ემუქრება. დიახაც, ხალხი ემუქრება ივანიშვილს, დროულად გადადგეს, დროულად მიიღოს რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილება; დროულად იმიტომ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება. ხომ ხედავთ, ხალხო, ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში, აღარავინ მოითმენს საქართველოს რუსიფიკაციას, ამას არავინ შეეგუება. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ჩვენი ვართ თავისუფლების მოყვარული ერი და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას ყოველთვის დავიცავთ. თქვენ გაგიმარჯოთ, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.