ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ 17 ნოემბრის აქციაზე, როგორ აპირებს ოპოზიცია, დახვდეს მაიკ პომპეოს თბილისში
ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ 17 ნოემბრის აქციაზე, როგორ აპირებს ოპოზიცია, დახვდეს მაიკ პომპეოს თბილისში

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაიკ პომპეო ჩამოდის საქართველოს მხარდასაჭერად, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლებიც ეხება ამ ვიზიტს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დაგეგმილი აქციის დეტალები განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს, როგორ აპირებს ოპოზიცია დახვდეს მაიკ პომპეოს თბილისში.

„ჩვენ ვგეგმავთ აქციას, ოღონდ ეს არ იქნება საპროტესტო აქცია, ეს არის აქცია, რომლითაც ჩვენ დავხვდებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, თუმცა რა თქმა უნდა, აქ იქნება ის ელემენტები, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვაწუხებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 31 ოქტომბრის არჩევნებს. რაც არსებობს მაიკ პომპეოს გრაფიკი, იქ არ წერია, ზუსტად იგეგმება თუ არა შეხვედრა ოპოზიციასთან, თუმცა დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო მდივანი სრულად არის ინფორმირებული იმ პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რომელიც დღეს ქვეყანაშია. რა თქმა უნდა, ეს იქნება განხილვის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თუმცა ამავე დროს, უმჯობესი იქნება, თუ უშუალოდ ოპოზიციისგან მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფო მდივანი.

ჩვენ განვიხილეთ დაგეგმილი აქციის დეტალები, მათ შორის 14 ნოემბრის აქცია, რომელიც იქნება ძალიან მასშტაბური აქცია. ამ აქციას სჭირდება ორგანიზება, ლოჯისტიკა, ეს დეტალები გავიარეთ. ასევე ვისაუბრეთ 17 ნოემბრის აქციაზე, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია დახვდეს მაიკ პომპეოს თბილისში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.