ზაალ უდუმაშვილი - დავსხდებით, განვიხილავთ, მაგრამ, რაც მოვისმინე ოპოზიციისგან, ვიდრე ორი პუნქტი არ შეთანხმდება, ხელმოწერაზე საუბარი არ არის
დავსხდებით, განვიხილავთ, მაგრამ, რაც მოვისმინე ოპოზიციისგან, ვიდრე ორი პუნქტი არ შეთანხმდება, ხელმოწერაზე საუბარი არ არის, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველი პარტიის მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის მიუხედავად, თავად ხელის მოწერას არ აპირებენ.
„რასაკვირველია, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ, რადგან მასში არ არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენი პოზიცია გაცხადებულია. ეს არის ვადამდელი არჩევნები და ეს არის პოლიტიპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ თუ არ შევთანხმდით ამ ორ მნიშვნელოვან პუნქტზე „ქართულ ოცნებასთან“, ისე ბუნებრივია, არანაირ დოკუმენტს ჩვენ ხელს არ მოვაწერთ და ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. მათ შორის დანიელსონმაც, რომელთანაც ჩვენ გვქონდა პირისპირ საუბარი და მან ძალიან კარგად იცის ის მოთხოვნები, რომელიც გააჩნია ოპოზიციას. დღეს ყველამ დაინახა, რომ ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც წარმოდგენილია მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველა არის ერთ პოზიციაზე.
ბუნებრივია, ყველა პარტია განიხილავს ამ საკითხს, მათ შორის, ჩვენც განვიხილავთ, დავსხდებით და განვიხილავთ, მაგრამ მე რაც მოვისმინე დღეს ოპოზიციისგან, ძალიან მკაფიო განცხადება იყო, ვიდრე ის ორი პუნქტი არ შეთანხმდება, ხელმოწერაზე საუბარი არ არის. ხელისუფლებას ჯერ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, დოკუმენტზე ხელმოწერაზე მზაობა არ არის გადადგმული ნაბიჯი, რადგან ამ დოკუმენტში არ არის ასახული მთავარი მოთხოვნები.
ჩვენ რაზე უნდა გვემსჯელა. ჩვენ წინაზეც ვიყავით მზად, რომ იმ სამ პუნქტზე ხელი მოგვეწერა, რომელიც კონკრეტული ინსტიტუტების რეფორმას ისახავდა მიზნად. უბრალოდ, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა უარი ამ სამი პუნქტის შეთანხმებაზე. რაც შეეხება იმ ორ პუნქტს, ის ორი პუნქტი არსად არ წასულა. გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ იმ მოთხოვნით, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს ქვეყანაში. ეს მთავარი პუნქტი თუ ამოვიღეთ და გამოვშიგნეთ ეს შეთანხმება ამ პუნქტისგან, აღარაფერი დარჩება აბსოლუტურად“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.