ზაალ უდუმაშვილი - დაველოდებით გარკვეული პერიოდი, წავა თუ არა პროცესები დიალოგისკენ, აქციები, მათ შორის მასშტაბური პროტესტი, კვლავ ძალაში დარჩება
ზაალ უდუმაშვილი - დაველოდებით გარკვეული პერიოდი, წავა თუ არა პროცესები დიალოგისკენ, აქციები, მათ შორის მასშტაბური პროტესტი, კვლავ ძალაში დარჩება

დაველოდებით გარკვეული პერიოდი, წავა თუ არა ეს პროცესები დიალოგისკენ და მართლა მზად არის თუ არა ხელისუფლება, რომ შეთანხმება შედგეს. აქციები, მათ შორის მასშტაბური პროტესტი კვლავ ძალაში დარჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციების ფორმატი შეიცვლება, თუმცა გაგრძელდება.

„პარტიის თავმჯდომარე უნდა იჯდეს იმ მაგიდასთან, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ნიკა მელია უნდა იყო გათავისუფლებული ძალიან სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი და შეთანხმება ვერ შედგება ხელისუფლებასთან. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ პოლიტპატიმრებმა დატოვონ საპატიმრო დაწესებულებები. რაც შეეხება აქციებს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. უბრალოდ, ჩვენ ვიმსჯელებთ კიდევ ერთხელ, რომ არ მივცეთ საბაბი ხელისუფლებას, დიალოგი არ შედგეს. ჩვენი აქციები იქნება სახეშეცვლილი, ფორმაშეცვლილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქციებს შევწყვეტთ. დაველოდებით, გარკვეული პერიოდი წავა თუ არა ეს პროცესები დიალოგისკენ და მართლა მზად არის თუ არა ხელისუფლება, რომ შეთანხმება შედგეს. აქციები, მათ შორის მასშტაბური პროტესტი კვლავ ძალაში დარჩება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

კითხვაზე, ხელისუფლებასთან დიალოგის პარალელურად, რამდენად სწორია აქციების გამართვა ოპოზიციის მხრიდან, უდუმაშვილი აცხადებს, რომ „დიალოგი არ დაწყებულა“.

„ბოდიში, მაგრამ დიალოგი არ დაწყებულა. როდესაც დაიწყება, მერე გადავხედავთ სამოქმედო გეგმას“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.