ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი მოთხოვნები ცნობილია, თუ „ქართული ოცნება“ მზად არის, უნდა მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან
ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი სხვადასხვა თემებით გადაიტანოს ყურადღება მთავრიდან მეორეხარისხოვანზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მიერ წარდგენილი იყო მთელი პაკეტი მოთხოვნების, ზოგადად საარჩევნო სისტემის ცვლილება.
„აქაც არის ძალიან ბევრი შენიშვნები, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი სხვადასხვა თემებით გადაიტანოს ყურადღება მთავრიდან მეორეხარისხოვანზე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო მთელი პაკეტი მოთხოვნების, აქედან რომელიმეს შესრულება და რომელიმეს არშესრულება ეს ნიშნავს, რომ არ სრულდება მთლიანად პაკეტი. არანაირი აზრი არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის ან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარს ჩვენ თუ არა გვაქვს მიღწეული შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ განვიხილავთ და ჩვენ ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ცალ-ცალკე ინიციატივებს ნამდვილად არ განვიხილავთ, ამიტომ შესაბამისად, არც ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას. ახლა ძალიან რთულია თქმა, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ მეხუთე რაუნდის ჩასატარებლად, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ჩვენი წინადადებები, მოთხოვნები ცნობილია და ის დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ახლა მთავარია თუ „ქართული ოცნება“ მზად არის მოლაპარაკებების განსაახლებლად, ის უნდა მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რაციონალური წინადადებით, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. აქ არ არის საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე და სხვა საკითხებზე, ჩვენ შეიძლება ვიდაოთ და ვიკამათოთ, რა ვადებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ქვეყანაში და არა იმაზე, ჩატარდება თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, ანუ ეს არ იქნება მოლაპარაკებების საგანი ბუნებრივია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.