ზაალ უდუმაშვილი - არც ერთ ჩვენს თანამებრძოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა კვლავ კარანტინში არიან, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენი პარტიის წევრების იზოლაცია ამ ფორმით მოახდინოს 
ზაალ უდუმაშვილი - არც ერთ ჩვენს თანამებრძოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა კვლავ კარანტინში არიან, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენი პარტიის წევრების იზოლაცია ამ ფორმით მოახდინოს 

კორონავირუსთან დაკავშირებით, „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“  შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ. ზაალ უდუმაშვილის თქმით, მათი პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი თვითიზოლაციიდან გაუფრთხილებლად გადაიყვანეს კარანტინში, ტესტზე უარყოფითი პასუხის მიუხედავად კი, საკარანტინო ზონის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ფაქტს წინასაარჩევნო პროცესებისთვის ხელის შეშლის მცდელობად აფასებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ მათ თანაპარტიელებს საკარანტინო ზონის დატოვების უფლება მისცენ.

„არც ერთ ჩვენს თანამებრძოლს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, მიუხედავად ამისა, ისინი რჩებიან კარანტინში და მათ არ აძლევენ კარანტინის სივრცის დატოვების უფლებას 25 სექტემბრამდე. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშოს ჩვენი პარტიის აქტიური წევრები ახალციხეში, იმ მოტივით რომ ხვდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს რაიონში და გადაწყიტეს ამ ფორმით მოახდინონ ჩვენი პარტიის წევრების იზოლაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ჩართული ჰყავთ ექიმები, რომლებმაც ხელი მოაწერეს, რომ ეს ხალხი გადასულიყვნენ საკარანტინო ზონაში. საქართველოში რომ შერჩევითი სტანდარტები მუშაობს კორონავირუსთან დაკავშირებით ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ ახალციხის საკრებულოს წევრი სამველ ოვეიანი, რომელიც ასევე კონტაქტში იყო კოვიდინფიცირებულთან, დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფება და არ გადაუყვანიათ საკარანტინო ზონაში, ეს მკაცრი ზომები შეეხოთ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაატოვებინონ საკარანტინო სივრცე დავით ბალიაშილს და გელა დემეტრაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი