ზაალ უდუმაშვილი - არ ვიცი ოპოზიციის გარკვეული პარტიები რა მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთმანეთში ან „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ფაქტია, ორი-სამი ან თუნდაც ხუთი ადამიანის შესვლა პარლამენტში რეალურ სურათს ვერ შეცვლის
ზაალ უდუმაშვილი - არ ვიცი ოპოზიციის გარკვეული პარტიები რა მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთმანეთში ან „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ფაქტია, ორი-სამი ან თუნდაც ხუთი ადამიანის შესვლა პარლამენტში რეალურ სურათს ვერ შეცვლის

ჩვენ 31 ოქტომბრის მერე გვაქვს გაცხადებული და პოზიცია არ შეგვიცვლია. პარლამეტში არ შევდივართ, ვიდრე არ დაინიშნება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ან არ შედგება ამ თემაზე საბოლოო მოლაპარაკება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან რაციონალური წინადადებით წარსდგეს.

„რაც შეეხება იმას, რომ არავის ემახსოვრება პარლამენტში შესვლა-არ შესვლა რამდენიმე წელიწადში, ან არ ათვითცნობიერებენ, ან შეგნებულად არ საუბრობენ ამ თემაზე, რომ ვერანაირი კოვიდკრიზისი და ეკონომიკური კრიზისი ვერ დაიძლევა ქვეყანაში, თუ უპირველეს ყოვლისა, ვერ დაიძლია პოლიტიკური კრიზისი და ჩიხი, რომელშიც ქვეყანაა შესული. ამიტომ, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დროულად მოეგონ გონს და დროულად მოვიდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაციონალური წინადადებით, ეს წინადადება კი არის მხოლოდ ახალი არჩევნები. მე არ ვიცი ოპოზიციის გარკვეული პარტიები რა მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთმანეთში, ან ვინ აწარმოებს მოლაპარაკებას „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ფაქტი ერთია-ორი, სამი ან თუნდაც ხუთი ადამიანის შესვლა პარლამენტში რეალურ სურათს ვერ შეცვლის. „ქართული ოცნება“ ვერ გაიპრავებს, რომ ოპოზიცია ჰყავს პარლამენტში, ამიტომ ტყუილად ირჯებიან. ეს მოცემულობა დარჩება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას, ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ძალიან რთულად წარმოსადგენია რაიმე პოლიტიკური ცენტრის შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„ყველას აქვს თავისი არჩევანი. ყველას შუძლია სცადოს რაიმე გააკეთოს, მაგრამ ასე პოლიტიკური ცენტრები არ იქმნება. პოლიტიკურ ცენტრს სჭირდება ძალიან ძლიერი პოლიტიკური პლატფორმა და ასეთი პოლიტიკური პლატფორმა, ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯერჯერობით არის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.