ზაალ უდუმაშვილი - არ გამოვრიცხავ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმაზე მეტი ხმა აქვს აღებული, ვიდრე დღეს არის
ზაალ უდუმაშვილი - არ გამოვრიცხავ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმაზე მეტი ხმა აქვს აღებული, ვიდრე დღეს არის

არ გამოვრიცხავ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმაზე მეტი ხმა აქვს აღებული, ვიდრე დღეს არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

უდუმაშვილის თქმით, საარჩევნო ბიულეტენებში უკვე ყველაფერი გადასწორებულია.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა არის აბსურდი. ჯერ ვინ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, თალაკვაძემ და კობახიძემ? ერთი თვე და 10 დღეა გასული არჩევნებიდან, როგორ გგონიათ, ის დალუქული ბიულეტენები ასეთ მდომარეობაში დარჩება? იქ ხომ ყველაფერი გადასწორებულია უკვე. მე არ გამოვრიცხავ, იმ საგამოძეო კომისიამ დაადგინოს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმაზე მეტი ხმა აქვს აღებული, ვიდრე დღემდე იყო. ამიტომ ითხოვენ. მათ რომ სდომოდათ რეალურად უბნების გახსნა და ხმების რეალურად დათვლა, ამას გააკეთებდნენ მაშინ, როდესაც ჩვენ სარჩელები გვქონდა შეტანილი. არც ერთი ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილეს იმ დროს, როდესაც რეალურად იყო შესაძლებელი გაგვეგო, რა ხდებოდა უბნებზე.

მისივე თქმით, ხმების გადათვლის ნებისმიერი მექანიზმი, რასაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, არის მორიგი სატყუარა, რადგან დიდიხანია ბიულეტენებში ყველაფერი გადასწორებულია.

„მე ვერ გეტყვით, რა მექანიზმზეა საუბარი, რადგან ეს არის მორიგი სატყუარა „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის მისამართით. იქ უკვე დიდიხანია გადასწორებულია. რაც არ უნდა თვალო, ვეღარც გაყალბებულ ბიულეტენებს იპოვი და ვეღარც დაუბალანსებელ ოქმებს. იქ ყველაფერი გადათეთრებულია. ეს არის მორიგი სატყუარა, რისი საშუალებითაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეგიტყუოს პარლამენტში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას პარლამენტში ახალი კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით..

„ეს არის პირდაპირ ტერორის გამოცხადება „ქართული ოცნების“ მხრიდან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობით“ დასრულდება ეს ყველაფერი, ძალიან ცდება. ყველა იმ პარტიას მიადგებიან, ვინც ყელში ჰყავთ გაჩხერილი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარია, რადგან რვა წლის განმალობაში სულ დსრულებით გვემუქრებიან. კი ვერ დაგვასრულეს, რამედ უფრო ძლიერად ვართ წარმოდგენილები. ახლა მოგვიწევს სერიოზული ბრძოლა, რათა ქვეყანა გადავარჩინოთ . 11 დეკემბრის მერე, როდესაც შეიკრიბება ერთპარტიული პარლამენტი, ეს იქნება საბჭოთა კავშირის მოდელი, რომელსაც სათავეში ეყოლება პუტინის ხელდასმული ადამიანი, რომელიც იმავე მეთოდებით განაგრძობს ქვეყნის მართვას, როგორც პუტინი მართავს რუსეთში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ შექმნის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას. მისივე თქმით, თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას.

ასევე, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მეათე მოწვევის პარლამენტში დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.