ზაალ უდუმაშვილი - აქციების გაგრძელებას არ გამოვრიცხავთ, უჩუმრად პარლამენტის პირველი შეკრება ვერ ჩაივლის
ზაალ უდუმაშვილი - აქციების გაგრძელებას არ გამოვრიცხავთ, უჩუმრად პარლამენტის პირველი შეკრება ვერ ჩაივლის

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უჩუმრად პარლამენტის პირველი შეკრება ვერ ჩაივლის.

„ვისაუბრებთ ბევრ საკითხზე. მათ შორის, შესაძლო მესამე რაუნდზე, რომელსაც ველოდებით. ჩვენს პოზიციებს კიდევ ერთხელ გავცვლით ერთმანეთში. ასევე, ჩვენს სამოქმედო გეგმაზეც ვისაუბრებთ, რადგან იგეგმება ბევრი რაღაც, მათ შორის არ გამოვრიცხავთ აქციების გაგრძელებას. ასე რომ, ყველა ეს საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე.

რა თქმა უნდა, პარლამენტის პირველი სხდომაც იქნება ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში. შეიძლება, კონკრეტულ რაღაცებზე ვერ შევჯერდეთ, მაგრამ უჩუმრად პარლამენტის პირველი შეკრება ვერ ჩაივლის. რა ფორმა მიეცემა ამას, ჩვენ ვნახავთ. კონკრეტულად ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.