ზაალ უდუმაშვილი - ამნისტიის კანონით არ უნდა დაზარალდეს იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ქუჩაში იდგნენ
ზაალ უდუმაშვილი - ამნისტიის კანონით არ უნდა დაზარალდეს იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ქუჩაში იდგნენ

ოპოზიციას მოვუწოდებდით ხელის მოწერისგან თავშეკავებისკენ, რადგან შეთანხმების იმ მუხლში, სადაც საუბარია ამნისტიაზე, იყო ძალიან ბევრი ბუნდოვანება და საჭიროებდა მეტ კონკრეტიკას. სწორედ ამის წინაშე დადგნენ დღეს შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, – ამის შესახებ „ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრინციპულობის ჩვენება მოუწევს.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ორი განსხვავებული ვერსია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ერთი, რასაც ამბობს ოპოზიცია და მეორე, რასაც ამბობს ხელისუფლება. არ არის გამორიცხული, რომ ახლა ჩვენ მივიღოთ საბოლოო ჯამში ისეთი კანონი, რომელიც შეეხება იმ ბრძანების გამცემებსაც, რომლებიც უშუალოდ, პირდაპირ არიან პასუხისმგებელი 20 ივნისის ღამის ტრაგედიაში. ახლა მგონია, ოპოზიციას დაუდგა ის დრო, როდესაც მოუწევს განსაკუთრებული პრინციპულობის გამოჩენა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე კანონს.

რაც შეეხება გირაოსა და ამნისტიას, ეს არის სრულიდ განსხვავებული ორი სხვადასხვა მიმართულება და ამის ერთმანეთთან მიბმა არის წარმოუდგენელი. თუნდაც გირაო იყოს და ან თავდები, ეს არ ათავისუფლებს ნიკა მელიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებაში წერია, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ. ამიტომ თავდებობა რომ ყოფილიყო გამოყენებული ან გირაო, ამას აუცილებლად დასჭირდებოდა შემდგომ უკვე ამნისტიის კანონის მიღება. უბრალოდ, ეს ამნისტიის კანონი ისე უნდა იყოს მიღებული, რომ რა თქმა უნდა, არ დაზარალდეს უპირველესად, იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ქუჩაში იდგნენ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.