ზაალ უდუმაშვილი - ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ, როგორ შევხვდებით პარლამენტის პირველ სხდომას, გაჩერებას არ ვაპირებთ, იქნება მუდმივი პროტესტი
ზაალ უდუმაშვილი - ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ, როგორ შევხვდებით პარლამენტის პირველ სხდომას, გაჩერებას არ ვაპირებთ, იქნება მუდმივი პროტესტი

ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ, როგორ შევხვდებით პარლამენტის პირველ სხდომას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პროტესტის სხვადასხვა ფორმას განიხილავს, მათ შორის აქციებს.

„ჩვენ სხვადასხვა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის აქციებსაც, სხვადასხვა ფორმით პროტესტს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და აღარ იქნება. ძალიან ცდება. დღეს და ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ, როგორ შევხვდებით პარლამენტის პირველ სხდომას სხვადასხვა ვერსია იხილება და საბოლოოდ შევჯერდებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, იქნება მუდმივი პროტესტი. რა ფორმით და როგორ, ეს გამოჩნდება. განვიხილავთ მათ შორის მასშტაბურ აქციებსაც, შევხედავთ მდგომარეობიდან გამომდინარე. ვინაიდან ქვეყანაში საყოველთაო ლოკდაუნია, ტრანსპორტიც გაჩერებულია და ხალხის გადაადგილება ძალიან ჭირს, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ამ მასშტაბური ლოკდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეს პანდემიის შეჩერებას ემსახურება. გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე და მას სჭირდება ამ კრიზისიდან გამოყვანა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესს, უდუმაშვილი აცხადებს, რომ მესამე რაუნდს მმართველი გუნდი დროში განზრახ აჭიანურებს.

„მესამე რაუნდის დროში გაწელვა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ბრალია. ხელისუფლება არ არის მზად, რომ შეხვდეს ოპოზიციას და მას კონკრეტული წინადადებები წარუდგინოს. ჩვენ ყოველდღე მზად ვართ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ველოდებით“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, როგორია ოპოზიციის გეგმები, უდუმაშვილი პასუხობს, რომ პარლამენტის კაბინეტში ჯდომა იდეაფიქსი არ არის და შეიძლება, პოლიტიკური ცხოვრება მის გარეთ უფრო აქტიური გახდეს.

„როგორ აქამდე ვცხოვრობდით, ისე ვიცხოვრებთ. პარლამენტი არ არის იდეაფიქსი, რომ პარლამენტის თბილ კაბინეტში იჯდე. პოლიტიკური ცხოვრება შეიძლება უფრო აქტიური გახდეს პარლამენტის გარედან, ის უფრო ცუდი იქნება, რომ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ერთი პოლიტიკური პარტია და საქართველო მერვე ქვეყანა გახდება მსოფლიოში, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს. ეს ძალიან ცუდია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს რომ არ მოხდეს, ქვეყანამ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.