ზაალ უდუმაშვილი - ახლა რაც არ უნდა უბნები გავხსნათ და ბიულეტენები აქეთ-იქით ვთვალოთ, არჩევნების რეალური სურათი მაინც არ დაჯდება
ზაალ უდუმაშვილი - ახლა რაც არ უნდა უბნები გავხსნათ და ბიულეტენები აქეთ-იქით ვთვალოთ, არჩევნების რეალური სურათი მაინც არ დაჯდება

ჩვენ ახლა რაც არ უნდა უბნები გავხსნათ და ბიულეტენები აქეთ-იქით ვთვალოთ, არჩევნების რეალური სურათი მაინც არ დაჯდება, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„აქ საქმე იმაში კი არ არის, რეალურად, ვინ რა ციფრი დაგვიწერა და ვის რა ციფრი დაეწერა, ჩვენ ვუყურებთ ზოგადად, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა. აქ ძალიან რთულია განსაზღვრო. დღეს რომ მოგეცეს საშუალება, უბნები გახსნა, დარწმუნებული ვარ, ვერ დაითვლი რეალურ ხმებს, სანამ საარჩევნო სიები არ გაიხსნება. კეთილი ინებონ, საარჩევნო სიები გახსნან და მაშინ გამოჩნდება რეალური სურათი, რამდენი ადამიანი იყო მიწერილი, რამდენი უცხოეთის მოქალაქეა მიწერილი, ვინ აწერდა ხელს სხვის მაგივრად და ასე შემდეგ. როცა ეს ყველაფერი გაიხსნება, შეიძლება, რეალური სურათი აღვიქვათ. ჩვენ ახლა რაც არ უნდა უბნები გავხსნათ და ბიულეტენები აქეთ-იქით ვთვალოთ, არჩევნების რეალური სურათი მაინც არ დაჯდება. იმიტომ, რომ აქ ისეთი ტოტალური გაყალბება იყო, ისეთი მასშტაბების, რომ თუ სულ ძირში არ ჩახვედი, ვერაფერს გაიგებ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ამ განცხადებით ზაალ უდუმაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა მონაცემებს ეყრდნობა ოპოზიცია, როცა აცხადებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა მაშინ, როცა საბოლოო შედეგები თითქმის, ყველა ეგზიტპოლის და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგს ემთხვევა, რომელთან მიმართებაშიც ცესკო-ს შედეგების ცდომილება 1,7%-ია, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ აქვს ოპოზიციას პრეტენზიები „სამართლიან არჩევნებთან“, რადგან ამ ორგანიზაციის მონაცემები ცესკო-ს მონაცემებისგან 1,7%-ით განსხვავდება, „ქართული ოცნების“ ნაწილში და პარალელურ დათვლას დიდი ცდომილება არც მაჟორიტარულ ნაწილში აქვს, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „პარალელურ დათვლაში ვერ მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც ფულით არიან ნაყიდი, რომლებიც უბნებზე დაშინებით მიიყვანეს და, რომლებსაც ხმა ძალით მიაცემინეს“.

„ეს ხალხი ვერ ხვდება პარალელურ დათვლებში და ვერც ეგზიტპოლებში ვერ ხვდება. ეს ხმები მე როგორ დავთვალო?“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს ოპოზიციას 14 ნოემბრის აქციაზე და შემდგომ, უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და თუ იქ მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება, ქვეყანა ჩრდილოეთ კორეაში გაიღვიძებს, ოპოზიცია კი ბრძოლას გარედან განაგრძობს.

„მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე წავიდა, რომ პარლამენტში მარტო შევიდა და დაჯდა, ჩრდილოეთ კორეაში გაიღვიძებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად ერთიანია ოპოზიცია იმ გადაწყვეტილებაში, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ, რადგან სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან დროდადრო, დიალოგის აუცილებლობასთან დაკავშირებით გზავნილები ისმის, უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ ერთობაში აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს, რომ საპარლამენტო მანდატები არ უნდა აიღონ.

„ასეთი გზავნილები შეიძლება, არის და შეიძლება, შიგნით ბევრ რაღაცას ვიხილავთ, ბრძოლის სხვადასხვა გზას; შიგნით აბსოლუტურად ყველა საკითხი იხილებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაღაც ერთ პოზიციაზე რომ ვჯერდებით, მერე ამ პოზიციას ყველა ერთად მივყვებით. იმ პოზიციაზე აბსოლუტური კონსენსუსია, რომ საპარლამენტო მანდატები არ უნდა ავიღოთ. ყველა თანხმდება, რომ ვინც ახლა ამ მანდატს ხელს მოჰკიდებს, ეს პოლიტიკურ ხარაკირს ნიშნავს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა მდგომარეობა, რომელიც ოპოზიციას ათქმევინებს – ხელახალი არჩევნების საკითხს თავი დავანებოთ, მეორე ტურზე წავიდეთ და პარლამენტში შევიდეთ, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ეს შანსი იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ ივანიშვილი გამოაცხადებს, რომ ოპოზიციაში გადადის.

საპროტესტო აქციები და პოლიტიკური დიალოგი – ზაალ უდუმაშვილი „თავისუფალ ხედვაში“