ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელების წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„ბუნებრივია, მოლაპარაკებები ითვალისწინებს ორმხრივ კომპრომისებს. მოდი, ასე ნუ ვიტყვით, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, ვინ გადადგას მეორე ნაბიჯს. იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ, ხელისუფლება მზად არის, კვლავ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, საჭიროა ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს იმის შიშით, რომ ეს არ ჩაეთვალოს სისუსტედ.

ამ ეტაპზე ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ მოლაპარაკებების პერსპექტივა იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ხელისუფლებას უჭირავს, თუმცა ვნახოთ, დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ნამდვილად არ შემცირდება, პროტესტი იქნება ქვეყნის შიგნითაც. ეს ორი ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ იმ შეთანხმებას, რომელიც აუცილებელი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ცოტა დაგვიანებულია.

„როგორც ყოველთვის, სალომე ზურაბიშვილი არის სრულიად არაადეკვატური. ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის პრეზიდენტის ინიციატივა მედიაციასთან დაკავშირებით?! პრეზიდენტის უშუალო ვალდებულება იყო, მედიაცია დაწყებულიყო, ოღონდ ეს უნდა დაწყებულიყო  ოქტომბერში და არა ახლა, თითქმის 6 თვე რომ გავიდა არჩევნების შემდეგ. რატომ ელოდებოდა მედიატორების ჩართვას? მანამდე გამოეთქვა ინიციატივა. ჩვენ რასაც ვუყურებდით, პრეზიდენტი იყო „ქართული ოცნების“ მხარე. ის აკრიტიკებდა ოპოზიციას და წარმოიდგინეთ, რა მედიაციაზეა საუბარი.

ახლა არანაირი აზრი არ აქვს, ძალიან დაგვიანებულია და ასეც რომ არ იყოს,  აზრსაც ვერ ვხედავთ, რადგან პრეზიდენტი არის მხარე ამ მოლაპარაკების პროცესში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.