ზაალ უდუმაშვილი - 11 დეკემბერს, როდესაც პირველი სხდომა ჩატარდება პარლამენტში, ყველაფერს წერტილი დაესმება
ზაალ უდუმაშვილი - 11 დეკემბერს, როდესაც პირველი სხდომა ჩატარდება პარლამენტში, ყველაფერს წერტილი დაესმება

ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით შესულია პარლამენტში, დაწერს ინდივიდუალურ განცხადებას, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობა ჩახსნის სიებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 11 დეკემბერს წერტილი დაესმება ყველაფერს.

„ვერ გეტყვით ზუსტად, ვინმე თუ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ეს მისი პრობლემაა. ფაქტია, ოპოზიცია ერთიანია ამ გადაწყვეტილებაში და ალბათ, ხვალ, როდესაც პირველი სხდომა ჩატარდება პარლამენტში, უკვე ყველაფერს წერტილი დაესმება. რაც შეეხება გეგმებს, როგორც აქამდე მოდიოდა ოპოზიცია ერთიანად და სტრატეგია გვქონდა შემუშავებული, ზუსტად ასე გავაგრძელებთ ბრძოლას. პოლიტიკა არ კეთდება მხოლოდ პარლამენტში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, 11 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ოპოზიცია უარს იტყვის საპარლამენტო მანდატებზე, ქვეყანაში სულ სხვა რეალობა დადგება.

„დღეს გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან, რომ არ დავარღვიოთ პროცედურული საკითხები, კონკრეტულად როდის უნდა დაიწეროს ეს განცხადებები. მე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ სახელით ვლაპარაკობ. ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით შესულია პარლამენტში, დაწერს ინდივიდუალურ განცხადებას, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობა ჩახსნის იმ სიებს, რომელიც ცესკო-შია. ამით დასრულდება ჩვენი მხრიდან ეს პროცესი, რაც ეხება საპარლამენტო მანდატებს. შემდეგ უკვე დაიწყება სულ სხვა პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში და სულ სხვა რეალობა დადგება 11 დეკემბრის შემდეგ. არანაირი აქცია და პერფორმანსი არ იქნება. ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, მთავარი აქცია და პერფორმანსი იქნება ტელევიზორში, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.