კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში კიდევ ერთი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – თბილისის დინამომ ბათუმელ სეხნიას უმასპინძლა და დამარცხდა.
დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში ბათუმელებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს: გია მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ყველას შეტევაში ჩართულმა სტუმართა მცველმა, გიორგი გადრანმა დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ბათუმელები დააწინაურა – 0:1.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა: მთავარმა არბიტრმა 8 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი ამოიღო ჯიბიდან: 84-ე წუთზე ბათუმელთა მცველს, კიჭი მელიავას მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და მოედანი დაატოვებინა. თუმცა, თბილისელებმა ვერც რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ვერც რეალური საგოლე მომენტებით – შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა სტუმართა მეკარე მიხეილ ალავიძემ, რომელმაც თბილისელთა შეტევებისას გუნდი მინიმუმ 5-ჯერ გადაარჩინა.
საბოლოოდ, ბათუმის დინამომ უპირატესობა შეინარჩუნა და სეზონში პირველი გამარჯვება გასვლაზე, თანაც ტიტულოვან მეტოქესთან მოიპოვა. თბილისელებმა კი სეზონის სტარტზე მოულოდნელად 3-დან 2 მატჩი წააგეს.