ყვითელი ბარათების რეკორდი ქუთაისში - „ტორპედომ“ „იბერია“ დაამარცხა და პირველ ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა – ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 2:1 დაამარცხა.
ეს მატჩი ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ „იბერიას“ კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე თამაშის გამო ქუთაისელები მატჩის გადადებას დათანხმდნენ.
ანგარიში „იბერიამ“ 52-ე წუთზე გახსნა. გოლი მამაგეიშვილების კარგ თამაშს მოჰყვა – გიზოს შესრულებული ჯარიმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ოთარმა გაიტანა.
მაგრამ „ტორპედომ“ თამაში შემოატრიალა. 77-ე წუთზე ბიორნ იონსენმა წონასწორობა აღადგინა და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა შორის 15 გოლით პირველია. ოთხ წუთში კი ცოტნე ფაცაციამ თბილისელთა კარი მეორედ აიღო და ქუთაისელებს გამარჯვება მოუტანა.
მატჩის ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა, ფეხბურთელთა შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც არბიტრმა ორივე გუნდის მოთამაშეები გააფრთხილა, „იბერიის“ ნახევარმცველი საბა გეგუჩაძე გააძევა, სულ კი არბიტრმა ყვითელი ბარათი 12-ჯერ გამოიყენა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია.
ეროვნულ ლიგაში გამართული 20 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 48 ქულა დააგროვა და ლიდერს, გორის „დილას“ ქულებით გაუთანაბრდა, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა, „იბერია“ (45) მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.