ყველაზე სწრაფად კირკიტაძემ ირბინა, ყველაზე მეტი - ბილენკიმ და მექვაბიშვილმა - „დინამომ“ შეკრება სტატისტიკურად შეაჯამა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ 2022 წლის შეკრების სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რაც Wimu-სა და InStat-ის ანალიტიკური პროგრამების საშუალებით მომზადდა.
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება 10 იანვარს თბილისში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო. გუნდმა შეკრების პირველი ეტაპი ადგილზე გაიარა.
22 იანვრიდან კი, კახა ცხადაძის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში განაგრძო, სადაც „დინამომ“ 8 შეხვედრიდან თბილისურმა კლუბმა 4 მატჩი ფრედ ითამაშა, 2 მოიგო, 2-ში კი დამარცხდა. მოსამზადებელი ეტაპის ბომბარდირი ორი გოლით გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი გაბედავა გახდა.
გუნდის მოთამაშეთა მიერ დაფარული ყველაზე მეტი ჯამური მანძილი „სპაერთან“ პირველ ამხანაგურ მატჩში (2:2) დაფიქსირდა – 136,9 კილომეტრი. ეს საერთაშორისო სტატისტიკის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი მაჩვენებველია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი დანიურ „რანდერსთან“ დაფიქსირდა – 92,5 კმ.
ყველაზე მეტი დაფარული მანძილი სტანისლავ ბილენკიმ (11,4 კმ – 90 წუთი, „ლუდოგორეცთან“) და ანზორ მექვაბიშვილი (11,4 კმ – 90 წუთი, მოსკოვის „დინამოსთან“) დააფიქსირეს. ეს ციფრი შეკრების დატვირთვების ფონზე ნორმალური მაჩვენებელია, თორემ ევროპულ დონეზე ფეხბურთელები მატჩის დროს 12-14 კილომეტრსაც ფარავენ.
მაქსიმალური სიჩქარე თორნიკე კირკიტაძემ დააფიქსირა – მან მოსკოვის „დინამოსთან“ ერთი სპრინტი 34,4 კმ/სთ-ით განახორციელა, რაც მშვენიერი მაჩვენებელია. ბურთის ფლობის საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი „დინამომ“ „ნაპრედაკთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში დააფიქსირა – 61/39-ზე, ხოლო ყველაზე უარესი კიევის „დინამოსთან“ წაგებულ (0:1) შეხვედრაში – 43/57-ზე.
„დინამო თბილისი“ 2022 წლის სეზონს 25 თებერვალს ეროვნული ლიგის მატჩით დაიწყებს. კახა ცხადაძის გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.