„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]

ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებული უნდა იყოს – ამის შესახებ დედაქალაქის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ მეტროთი მგზავრობისას აღნიშნა. კალაძემ მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ „გურამიშვილამდე“ იმგზავრა, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მეტროსადგურის რეაბილიტაცია ძველი ჭერის მოხსნას და ახლის დამონტაჟებას ითვალისწინებს. „გურამიშვილზე“ სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს, რათა დღის განმავლობში მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდეს. თუმცა, როგორც კახა კალაძე აცხადებს, სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად დასრულების მიზნით, მეტროსადგური ორი დღით დაიკეტება, ამის შესახებ კი, მოსახლეობას წინასწარ ეცნობება.  

„მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. სამუშაოები „გურამიშვილის“ მეტროსადგურში მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.

დედაქალაქის არჩეულმა მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას მერის ამპლუაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ არაერთხელ იხილავენ.