ყველაზე ეფექტური „ქამბექი“ ქართული კალათბურთის ისტორიაში – 18-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან 14-ქულიანი ჩამორჩენა 100 წამში გააბათილა [ვიდეო] #1TVSPORT
კალათბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სახეობაა. უმთავრესად სწორედ ემოციური აფეთქებით დიდი სხვაობის აღმოსხვრაც შეიძლება და დიდი გუნდის დამარცხებაც. ასე მოხდა 2026 წლის 5 ივლისს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან 22-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და მატჩი ოვერტაიმში 91:89 მოიგო. ჩვენს ნაკრებს 2014 წელს პორტუგალიაში 23-ქულიანი „ქამბექიც“ შეუსრულებია და 19-ქულიანიც (2006 წელს ავსტრიაში).
პორტუგალიასთან და ავსტრიასთან ზაზა ფაჩულიას გვერდით თამაშობდნენ მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე… მათ ახალგაზრდულ ასაკში კიდევ უფრო დასამახსოვრებელი მატჩი აქვთ ჩატარებული: 2004 წელს ფინეთთან, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფინალო სირენამდე 100 წამით ადრე 14 ქულით (54:68) აგებდნენ, დარჩენილ დროში კი საოცრება მოახდინეს და 18:1 მოიგეს, რაშიც ასევე დიდი წვლილი მიუძღვისთ გამთამაშებელ ლაშა გამყრელიძეს და ფორვარდ დავით საყვარელიძეს. 2004 წელს ფინეთთან 72:69 გამარჯვებით საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყვნენ: ლაშა გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დავით საყვარელიძე, ვიქტორ სანიკიძე.