პოპულარულმა საკრივო სტატისტიკური ვებგვერდმა „ბოქსრეკმა“ (BoxRec) გუშინ ყველა დროის საუკეთესო მოკრივეთა ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც საერთოდ ვერ მოხვდა მაიკ ტაისონი. მის გარდა, ათეულს გარეთ არაერთი პოპულარული მოკრივე აღმოჩნდა.
„ბოქსრეკის“ ათეული ასე გამოიყურება:
მეათე ადგილზე ხულიო სეზარ ჩავეზია. მექსიკელი სუპერვარსკვლავი 1980-2005 წლებში ასპარეზობდა და სამ დივიზიონში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული – სუპერ ბუმბულის წონაში, მსუბუქ წონაში და მსუბუქ საშუალო წონაში. სწორედ მას ეკუთვნის ყველაზე მეტი ქამრის დაცვის რეკორდი – მან ეს 27-ჯერ მოახერხა. საგულისხმოა ისიც, რომ სანამ 1994 წელს, პირველად, ფრენკი რენდალთან დამარცხდებოდა, 87 ბრძოლიანი წაუგებელია სერია ჰქონდა.
მეცხრე პოზიცია ოსკარ დე ლა ჰოიას უკავია. მაშინ, როდესაც იგი 2009 წელს, 47 წლის ასაკში დიდი სპორტიდან წავიდა, დე ლა ჰოია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოკრივე იყო. მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 10-ჯერ, ექვს სხვადასხვა დივიზიაში აქვს მოპოვებული. კრივით ხუთი წლის ასაკიდან დაკავდა, ახლა კი წარმატებული ბიზნესმენი, პრომოუტერი და „გოლდენ ბოი პრომოუშენის“ დამფუძნებელია.
როდესაც ნახევრადმძიმეწონოსნებზე ვსაუბრობთ, პირველი არჩი მური არავის ახსენდება, არადა სწორედ ის არის სიის მერვე პოზიციაზე – ადამიანი, რომელიც ამ წონითი კატეგორიის ჩემპიონი ყველაზე დიდი დროით იყო. იგი ტიტულს 1952 წლის დეკემბრიდან 1962 წლის მაისამდე ფლობდა. არჩი მური, რომელიც პირველ რიგში სტრატეგიით და თავდაცვის უნარებით გამოირჩეოდა, სამწუხაროდ, 1989 წელს გარდაიცვალა.
მეშვიდეადგილოსანი „ყავისფერი მბომბავი“, ანუ ჯო ლუისი მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი 1937 წლიდან 1949 წლამდე იყო. ამ დროის განმავლობაში მან საკუთარი ტიტული 25-ჯერ დაიცვა. იგი იყო პირველი ფერადკანიანი ათლეტი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გმირის სტატუსი დაიმსახურა. გარდაიცვალა 1981 წელს.
55 წლის ბერნარდ ჰოპკინსმა მეექვსე ადგილი დაიკავა. მოკრივე, რომლის ზედმეტსახელიც „ჯალათი“ (Executioner) იყო, სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კონტრდარტყმით გამოირჩეოდა. იგი თავისი 28 წლიანი კარიერის მანძილზე ფლობდა არაერთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს საშუალო და ქვემძიმე წონით კატეგორიებში.
სიის მეხუთე ნომერი – შუგარ რეი რობინსონი ოთხ წონით კატეგორიაში (მსუბუქ, ქვესაშუალო, საშუალო და ქვემძიმეში) გამოდიოდა და სწორედ ის იყო ჟურნალისტებისთვის მთავარი მოტივაცია, რომ ე.წ. „ფაუნდ ფორ ფაუნდ“ (pound-for-pound), ანუ ყველა წონის გამაერთიანებელი რეიტინგი შეექმნათ. მან 174 ბრძოლიდან მხოლოდ 19 დათმო და იყო პირველი მოკრივე, ვინც ქამარი ხუთჯერ მოიგო. რობინსონი 1989 წელს გარდაიცვალა.
მეოთხე ადგილზე მუჰამედ ალი გავიდა – მოკრივე, რომელმაც თავისი ცხოვრებით რინგს მიღმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე უშუალოდ ბრძოლებისას და თუკი მის კარიერას ოდნავ მაინც იცნობთ, მიხვდებით, რომ ეს ძალიან დიდი საქმეა. კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ გავლენას თუ გავითვალისწინებთ, არავის ეკუთვნის „უდიდესის“ სახელი ისე, როგორც კასიუს კლეის. მან 1967-70 წლებში უარი განაცხადა ვიეტნამში ბრძოლაზე და ამის გამო საკრივო კარიერის შეჩერებაც მოუწია. კრივის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ფოტო – გამარჯვებული ალი თავზე ადგას სონის ლისტონს, ყველაზე პოპულარული ბრძოლა – 1975 წლის ტრილერი მანილაში, რომელშიც ალიმ ფრეიზერი დაამარცხა. ვფიქრობ, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი.
მესამეზე სიის ყველაზე ტრაგიკული ისტორიის მქონე წევრი – არგენტინელი კარლოს მონზონია, რომელიც 1995 წელს გარდაიცვალა და ყველა ორგანიზაციის საშუალო წონის ქამარს შვიდი წლის მანძილზე ფლობდა. მის ანგარიშზე 59 ნოკაუტია. საკრივო წრეებში მას ნაკლები სიხშირით ახსენებენ, რადგან 1998 წელს მონზონს ცოლის, ალისია მუნიზის მკვლელობისთვის 11 წელი მიესაჯა.
41 წლის მენი პაკიაო მეორე ადგილზეა და ის ერთადერთია ვინც ჩემპიონის ტიტული რვა დივიზიონში მოიპოვა. ამჟამად იგი ფილიპინებში სენატორია, თუმცა კარიერა ჯერ არ დაუსრულებია. მეცხრე პოზიციაზე მყოფი ოსკარ დე ლა ჰოია ბოლო ბრძოლაში სწორედ მან დაამარცხა, 2009 წელს რიკი ჰატონი გაანადგურა, მაგრამ წააგო ბრძოლა მეივეზერთან, რომელიც 2015 წელს გაიმართა და მას „საუკუნის ჩხუბი“ უწოდეს.
პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ფლოიდ მეივეზერი იკავებს – მსოფლიოს დაუმარცხებელი ჩემპიონი ხუთ წონაში, რომელიც ყველა დროის საუკეთესო დაცვითი სტილის მქონე და ყველაზე ზუსტ მოკრივედ ითვლება. „მანი“ კარიერის მანძილზე არასდროს დამარცხებულა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა ძლიერ მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება. ფლოიდი არასდროს გამოირჩეოდა ნოკაუტის ძალით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის იმაში, რომ კარიერა მწვერვალზე დაესრულებინა.