ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში, ღვინის საწარმოსთან მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში, ღვინის საწარმოსთან მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ყურძნის ფასს აპროტესტებდნენ.
მათი თქმით, ვენახის მოვლისთვის, შხამქიმიკატებისთვის, მუშახელის დაქირავებისა და ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯი ბევრად აღემატება კილოგრამი ყურძნის ფასს, აქედან გამომდინარე ,მათთვის მიუღებელია არაკონდიციური ყურძნის ფასი, რომელიც 30 თეთრს შეადგენს.
ამასთანავე, ისინი სამთავრობო დადგენილების შეცვლას ითხოვენ, რომლითაც ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები განისაზღვრა. მევენახეები რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კილოგრამი ყურძნის ყველაზე დაბალი ფასი ერთი ლარიდან უნდა იწყებოდეს. ისინი ასევე უნდობლობას უცხადებენ საწარმოში გამოკვლეული შაქრიანობის მაჩვენებლებს და მათ მიერ დადგენილ შაქრიანობასთან შეუსაბამობაზე საუბრობენ.
მევენახეების მოთხოვნებთან დაკავშირებით ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ჭიკაანის ღვინის ქარხანა სახელმწიფო მევენახეებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვას არსებული რეგულაციებით და დადგენილი ფასებით ახორციელებს. მევენახეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ყურძნის ჩაბარებას და აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
ჭიკაანის ღვინის ქარხანასთან ამ დრომდე ყურძნით დატვირთული რამდენიმე ასეული ავტომანქანაა გაჩერებული. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.