ყირიმის დასატოვებლად, ადგილობრივი მოსახლეობა ავტობუსებს „შტურმით იღებს“
ყირიმის ხიდი
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის დაბომბვის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ერთადერთ გადარჩენილ სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი საგარეუბნო მატარებლების რაოდენობა გაზარდა. ახლა მათ დღეში უკვე 6 000-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ. ამავდროულად, ნახევარკუნძულის მცხოვრებლები ყირიმის დატოვებასთან დაკავშირებული სირთულეების, ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვისა და საჯარო სერვისების შეფერხების შესახებ საუბრობენ.
„ყირიმის დასატოვებლად, ხალხი ავტობუსებს შტურმით იღებს. წინასწარი დაჯავშნის სიები აღარ მუშაობს – ვინც პირველი მოახერხებს ავტობუსში ასვლას, ის მიდის. ღამით ქალაქები ჩაბნელებულია. ადგილობრივ სოციალურ ქსელებში მთავარი განსახილველი თემა ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკებია. ზოგიერთ ქალაქში, ელექტროენერგიის უქონლობის გამო, საერთაშორისო პასპორტების გაცემა შეჩერდა. თუ ელექტროენერგიის გათიშვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდება, სკოლები, სავარაუდოდ, ონლაინ სწავლებაზე გადავლენ. ბანკომატებთან რიგები დგას, რადგან ხალხს ნაღდი ფული გამოაქვს“, – აცხადებენ ადგილობრივები უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყირიმის რედაქციის (Suspilne Crimea) ჟურნალისტებთან საუბრისას.
საოკუპაციო ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის გავლით მოძრავი სამგზავრო მატარებლების რეისების რაოდენობა გაზარდა. უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმების შედეგად, ხიდზე მხოლოდ ერთი ლიანდაგი შემორჩა. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი ყირიმის“ ცნობით, 23 ნოემბერს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე 12 მატარებელი იმოძრავებს, რომელთა საბოლოო დანიშნულების ადგილი სადგური ქერჩი იქნება.
ყირიმის რეინტეგრაციის ასოციაციის (ARC) ექსპერტების თქმით, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სამხრეთის საგარეუბნო სამგზავრო გადამზიდავმა კომპანიამ გამტარუნარიანობა გაზარდა და ახლა დღეში 6 000-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
„მატარებლების რეისების რაოდენობა, 22 ნოემბრისთვის, სავარაუდოდ, ლოგისტიკური შესაძლებლობების ზღვრამდე – დღის საათებში შვიდ წყვილ რეისამდე გაიზარდა. ეს ერთი მიმართულებით დაახლოებით 2 000 დასაჯდომ ადგილს უზრუნველყოფს, ხოლო მატარებლების სრულად შევსების შემთხვევაში, დღეში დაახლოებით 6 000 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საოკუპაციო ხელისუფლება გადადგამს, სავარაუდოდ, მატარებლის ვაგონების რაოდენობის გაზრდა იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტების თქმით, ხიდზე დარტყმამდე მის საავტომობილო ნაწილზე მგზავრთა ნაკადი დღეში 10 000 ადამიანს აღწევდა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს ნახევარკუნძულის მცხოვრებლები წარმოადგენდნენ. ისინი რუსეთში, ყუბანის რეგიონში უფრო იაფი პროდუქტების ან საწვავის შესაძენად გადადიოდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ადრე საოკუპაციო ხელისუფლება „ავტობუსებით მგზავრობის ორგანიზებას“ და ყირიმის ქალაქებიდან ზემოხსენებულ საგარეუბნო მატარებლებთან დამაკავშირებელი ავტობუსის მარშრუტების ამოქმედებას დაგვპირდა, ახლა თავადვე აცხადებენ, რომ ბილეთები ავტოსადგურების ვებგვერდებზე იყიდება, ხოლო საგარეუბნო მატარებლით მგზავრობის საფასურის გადახდა ცალკე ხდება“, – წერს ყირიმის რეინტეგრაციის ასოციაცია (ARC).
ადრე, საოკუპაციო ხელისუფლება ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს ყუბანის მიმართულებით უფასო სამგზავრო კატარღებით უზრუნველყოფასაც ჰპირდებოდა. თუმცა, ასოციაციის განცხადებით, მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ.
„2022 წელს, „პიკური სიტუაციის“ დროს, ოკუპანტები იყენებდნენ 1971 წელს აგებულ სამგზავრო კატარღა „დიანა ტრივიას“ და 1989 წელს აგებულ „კლემეზს“ რომლებიც მათ ოკუპაციის დასაწყისში ქერჩში მიითვისეს. თუმცა, 2025 წელს ქერჩის პორტის ფლოტი ხელში ჩაიგდო კომპანია NIKIMP-მა, რომელმაც უმალვე დაიწყო მისი ჯართად გაყიდვა და ამ კატარღების ბედი ამჟამად გაურკვეველია“, – აღნიშნავენ ექსპერტები.
ARC-ის ცნობით, კატარღა „პორტოვიკ ნოვოროსიისკას“, რომელიც 22 ნოემბერს ნაშუადღევს კვლავ ქერჩის მახლობლად იმყოფებოდა, ერთ რეისზე მხოლოდ 40 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მაშინ როცა „დიანა ტრივია“ 200 ადამიანზე იყო გათვლილი.
„შესაბამისად, ქერჩისა და მის მოსაზღვრე წყლებში ამჟამად არსებული, რუსეთის მიერ კონტროლირებადი კატარღები მგზავრთა მასობრივი გადაყვანისთვის გამოუსადეგარია“, – დასძენენ სპეციალისტები.