ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის მმართველობის ფორმის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს
ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის მმართველობის ფორმის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

ყირგიზეთში ოქტომბერში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის მმართველობის ფორმის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს.

პრეზიდენტის თანამდებობისთვის 17 კანდიდატი იბრძვის. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სადირ ჯაპაროვია, რომელიც ოქტომბერში საპროტესტო გამოსვლების დროს მომიტინგეებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

არჩევნებზე მისულმა მოქალაქეებმა ასევე უნდა აირჩიონ ყირგიზეთის რესპუბლიკის მმართველობის ფორმა. არჩევანის გაკეთება მათ შემდეგ ვარიანტებს შორის მოუწევთ – საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკა ან ყველა ვარიანტის წინააღმდეგ.

ჟაპაროვის ინიციატივით შემუშავდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის დაბრუნებას ითვალისწინებს. ამჟამად ყირგიზეთში შერეული სისტემა მოქმედებს, ერთპალატიან პარლამენტს აქვს უფლება, დაითხოვოს მთავრობა და უნდობლობა გამოუცხადოს პრეზიდენტს.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა თანამდებობა დატოვა.