ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს მასობრივი არეულობის მოწყობისა და ძალის გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ საბრალდებო აქტი ალმაზბეკ ატამბაევთან ერთად მის 13 მხარდამჭერს გაუგზავნა.
491-გვერდიან აქტში ჩამოთვლილ ბრალდებებს შორის არის მასობრივი არეულობის მოწყობა, ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდება, მკვლელობა, სამართალდამცველებზე თავდასხმა, მძევლების აყვანა და სხვა დანაშაულები.
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარუდგინეს მის ყოფილ თანაგუნდელებს და რამდენიმე მოქმედ დეპუტატსაც.
საქმე ეხება 2019 წლის აგვისტოში სოფელ კოი-ტაშთან მომხდარ შეტაკებებს, რა დროსაც, 225 ადამიანი დაშავდა, ერთი სპეცრაზმელი კი დაიღუპა.
2019 წლის აგვისტოში ბიშკეკთან ახლოს ყირგიზეთის უშიშროების სამსახური შეეცადა, დაეკავებინა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა ამას წინ მისი მომხრეები აღუდგნენ. შეტაკებები ორი დღე გრძელდებოდა. ამის შემდეგ, ატამბაევი თავად ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს.
ალმაზბეკ ატამბაევი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალი ასევე ედება კორუფციასა და სიმდიდრის უკანონო მოხვეჭაში. ექსპრეზიდენტის ქონება დაყადაღებულია.