ყელზე ნამგლით: XVII საუკუნის სამარხში აღმოჩენილი ქალი, სავარაუდოდ, ვამპირად მიიჩნიეს

12:46, 02.09.2026
დაახლოებით თვრამეტი წლის გოგონას ცხედარს ყელზე ნამგალი აქვს მიბჯენილი/ Journal of Archaeological Science-ს ფოტო

დაახლოებით თვრამეტი წლის გოგონას ცხედარს ყელზე ნამგალი აქვს მიბჯენილი/ Journal of Archaeological Science-ს ფოტო

ახალგაზრდა გოგონა, რომლის სამარხიც პოლონეთის სოფელ პიენში აღმოაჩინეს, XVII საუკუნით თარიღდება და არქეოლოგებმა გულდასმით შეისწავლეს, შეძლებული ოჯახიდან იყო, მდიდრული ნივთები ჰქონდა ჩატანებელი და პროტესტანტულ სასაფლაოზე განისვენებდა. თუმცა, მოგვიანებით ვიღაცამ სამარხი გათხარა და ნეშტს ისე მოეპყრო, თითქოს იქ ვამპირი ქალი იყო დაკრძალული.

დაახლოებით ოთხასი წლის წინათ, პოლონეთის სოფელ პიენში მდებარე 75-ე სამარხში ახალგაზრდა, თუმცა უკვე სრულწლოვანი ქალი დაკრძალეს. როდესაც არქეოლოგებმა საფლავი გახსნეს, აღმოჩნდა, რომ იგი ძალზე უჩვეულო წესით იყო დამარხული: ყელზე მჭიდროდ ჰქონდა მიჭერილი ნამგალი, რომლის პირიც პირდაპირ საძილე არტერიისკენ იყო მიმართული, ხოლო მარცხენა ფეხის ცერზე რკინის ბოქლომი ჰქონდა დამაგრებული.

„ზოსიას“ დაკრძალვის ადგილი

პოლონელმა არქეოლოგებმა სამარხი 2022 წელს გახსნეს. დაკრძალვის ასეთ რიტუალს ისინი საკმაოდ მარტივად ხსნიან – ქალს, რომელსაც არქეოლოგებმა „ზოსია“ (Zosia) უწოდეს, სიცოცხლეში, სავარაუდოდ, ვამპირად მიიჩნევდნენ, რკინის ნივთების დანიშნულება კი იმის „გარანტია“ უნდა ყოფილიყო, რომ მას საიქიოდან დაბრუნება ვერ მოეხერხებინა.

მითები და რეალობა

ვამპირების შესახებ ლეგენდები და თქმულებები, ხშირად, თავადაზნაურობის წარმომადგენლებს უკავშირდება, იქნება ეს რუმინელი გრაფი დრაკულა თუ ჰერცოგინია კარმილა ფონ კარნშტაინი. ზოსიაც მაღალი წრის წარმომადგენელი ან ასეთივე გავლენიანი პირი იყო; ამაზე, სულ მცირე, მის სამარხში აღმოჩენილი ნივთები მიუთითებს.

ზოსიას ნეშტის გამოკვლევისას, მის თავის ქალასთან ახლოს აღმოაჩინეს სუფთა ვერცხლისა და ოქროთი დაფარული მავთულის წვრილი ლითონის ძაფები, რომლებიც ძვირფასი აბრეშუმის ქუდიდან იყო დარჩენილი. ეს მასალები XVII საუკუნეში წარმოუდგენლად ძვირი ღირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი მდიდარ ოჯახს ეკუთვნოდა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ხალხისთვის, რომ ზოსიას ცხედარს ისე მოქცეოდნენ, რაც პრაქტიკულად ნებისმიერ ეპოქაში დაუშვებლად მიიჩნეოდა.

არქეოლოგებმა შეამჩნიეს, რომ სამარხი ისე ძალიან იყო არეულ-დარეული, თითქოს ამ სივრცეში ადრე ვიღაც სხვამაც შეაღწია. ეს „სხვა“, როგორც ჩანს, ქალის ცხედარსაც შეეხო. მეცნიერთა თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დიდგვაროვანი ქალი თავდაპირველად ჩვეულებრივი წესით დაკრძალეს, თუმცა მოგვიანებით სამარხი ხელახლა გახსნეს და შიგნით ისეთი რიტუალური ნივთები მოათავსეს, რომლებიც, იმ ადამიანის წარმოდგენით, მის გაცოცხლებას შეუშლიდა ხელს.

ქალი, რომლისაც ეშინოდათ

სამარხში აღმოჩენილი ბოქლომი და ნამგალი შეესაბამება იმ რიტუალებს, რომლებიც შუა საუკუნეებში ცოცხლების მკვდრებისგან დასაცავად ტარდებოდა. ანალიზმა აჩვენა, რომ გარდაცვალებისას ზოსია სულ რაღაც 17-19 წლის იყო. იგი, სავარაუდოდ, XVII საუკუნის 70-იან ცხოვრობდა და წარმოშობით პოლონეთიდან არ ყოფილა. დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ იგი მიეკუთვნებოდა დედისეულ იშვიათ გენეტიკურ ხაზს (კერძოდ, J1c2c1 ჰაპლოჯგუფს), რომელიც სკანდინავიიდან იღებს სათავეს. ეს ხაზი თანამედროვე სლავურ მოსახლეობაში პრაქტიკულად არ გვხვდება. მიუხედავად ამისა, ზოსიას სარძევე კბილების იზოტოპურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ იგი უშუალოდ პიენში გაიზარდა.

შესაბამისად, ეს, შესაძლოა, პოლონეთში შვედების ერთ-ერთ შემოჭრასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მითუმეტეს, ცნობილია, რომ ჩრდილოეთის მეორე ომის (1655–1660 წლები) დროს შვედებმა პოლონეთი და ლიეტუვა გაძარცვეს. თუმცა, მკვლევრებს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ აქვთ.

ომს, რომელსაც პოლონელები ჰენრიკ სენკევიჩის რომანის წყალობით დღემდე „წარღვნას“ უწოდებენ, თან სდევდა სხვა საშინელებებიც. მას მოჰყვა დაავადებები და შიმშილობა, რის გამოც სასოწარკვეთილმა ხალხმა დამნაშავის ძებნა დაიწყო. ამიტომ, მდიდარი უცხოელი ქალი, რომელიც დანარჩენებისგან გამოირჩეოდა, ადვილად შეიძლებოდა განტევების ვაცი გამხდარიყო. ცრუმორწმუნე ხალხმა, როგორც ჩანს, სწორედ მასზე გადაიტანა ყურადღება.

ისტორიები ვამპირების შესახებ

ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გვხვდება ისეთი სამარხები, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ მიცვალებულს საფლავიდან ამოსვლა არ შეძლებოდა, ან რომლებშიც თავმოკვეთილი ან გულმკერდში დანაჩარჭობილი, დასახიჩრებული ცხედრებია აღმოჩენილი. ისინი ყველაზე ხშირად ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებს უკავშირდება. XVII საუკუნით დათარიღებული მსგავსი შემთხვევების შესახებ კი გაცილებით ნაკლები მტკიცებულება არსებობს.

ჩეხეთის მიწებზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აღმოჩენა დიდ მორავიას უკავშირდება. საყოველთაოდ ცნობილია იმ ქალის სამარხი, რომელიც „თხის პოზაში“ იყო დაბმული, რათა რბილი ქსოვილების დაშლის შემდეგაც შებოჭილი დარჩენილიყო. გარდა ამისა, მას მარცხენა ხელისგული ჰქონდა მოკვეთილი. ასევე აღსანიშნავია მოდრაში არქეოლოგიური გათხრების დროს ახლახან აღმოჩენილი რვა წლის გოგონას ნეშტი. იგი ვიწრო ნაპრალში ჩატენეს, თავი კი დიდი ქვით გაუჩეჩქვეს, რათა ქვის სიმძიმეს მისი სხეული დაეკავებინა.

კიდევ უფრო თანამედროვე და უფრო მასშტაბურია ჩელაკოვიცეში 14 „ვამპირის“ აღმოჩენა, რომელთა ცხედრებიც 1966 წელს იპოვეს. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანების ამ ჯგუფს, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებში ცხოვრობდს, ხელები შეკრული ჰქონდა, თავები მოკვეთილი, ხოლო სხეული – გახვრეტილი.

სტატიის ავტორი: ტომაშ კარლიკი, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 სექტემბერი, 2026 წელი, 14:49 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი