ყაზბეგში გუშინ გამოკვლეული 50 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ყაზბეგში გუშინ გამოკვლეული 50 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ყაზბეგში, გუშინ გამოკვლეული 50 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგებელმა, ბადრი კუკულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ გამოკვლეული მოქალაქეების პასუხები ახლახანს გახდა ცნობილი და არც ერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა.

„ყაზბეგში გუშინ დაემატა ერთი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, კვლევების შედეგად სულ დაგვიდასტურდა ინფიცირების 15 ფაქტი. ამ 15 პირის კონტაქტები იზოლაციაში იმყოფებიან. საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ არის, ყველას წყარო ცნობილია და ყველა ინფიცირებული შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი. გუშინ 50-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება იმ დასახლებულ ლოკაციაში, სადაც გვქონდა ორი დადასტურებული შემთხვევა. ყველას პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა კუკულაძემ.