ყაზბეგში აცხადებენ, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა რაიონის მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ყაზბეგში აცხადებენ, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა რაიონის მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ყაზბეგის რაიონში აცხადებენ, რომ ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა რაიონის მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საქართველოს პირველ არხს ყაზბეგის რაიონში მცხოვრებმა ნუგზარ ოდიშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ ის ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გადმოსაცემად ჩამოვიდა.

როგორც ოდიშვილი აცხადებს, ზამთრის პერიოდში გადაადგილება ძალიან რთულია და ქვეშეთი-კობის გზის გახსნის შემდეგ ადგილობრივებისთვის ეს პრობლემა მოგვარდება.

„ეს პროექტი ადგილობრივებისთვის არის უდიდესი სიკეთე, ეს არის უდიდესი პრობლემის მოხსნა, ეს არის კავშირი თბილისთან და დანარჩენ საქართველოსთან. დიდთოვლობის გამო შვიდი თვის განმავლობაში ჩაკეტილია ხევის უღელტეხილზე მოძრაობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნის“, – განაცხადა ნუგზარ ოდიშვილმა.

ამასთან, ნუგზარ ოდიშვილი ქვეშეთი-კობის გზით მონაკვეთთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ გზის აშენება რუსეთის ინტერესში შედის.

„ადგილობრივების წყენა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ე.წ. ოპოზიციონერები და მამუკა ხაზარაძე გამობრძანდა ტელევიზორში და ამ პრობლემის გადაწყვეტა დაგმო, მან ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს რუსეთის გულის მოსაგებად კეთდება, ეს ასე არ არის. ხაზარაძემ პარტიული ნიშნის მიხედვით შეაფასა ეს გადაწყვეტილება. გზის გაყვანა აუცილებლად საჭიროა და ეს ხალხისთვის უდიდესი ოცნების ახდენაა“, – განაცხადა ნუგზარ ოდიშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესში შედის. „ქვეშეთი-კობის გზით რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზაზე, დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება. ქვეშეთი-კობის გზაზე აშენდება 500 მ-იანი თაღოვანი ხიდი, რომლის თაღი უპრეცენდენტო 300 მ-ის სიგრძის იქნება.