ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პროექტი „სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება“ გაიმართება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პროექტი „სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება“ გაიმართება

24-28 ნოემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „გერგარტი“, ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მართავს პროექტს სახელწოდებით – „სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება“ (Art of Civic Activism).

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, პროექტში ჩართული ახალგაზრდები, 5-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეიძენენ ცოდნას სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, შეიტყობენ თუ როგორ შეიძლება ხელოვნება იქცეს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად სამოქალაქო აქტივიზმის პროცესში, ამასთანავე, გაიღრმავებენ უნარ-ჩვევებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით.

„5-დღიანი სემინარების დროს მიღებული ცოდნა და უნარები, მონაწილეებს დაეხმარება განსაზღვრონ მუნიციპალიტეტში არსებული მწვავე პრობლემა, შემდგომ კი, აღნიშნულ თემაზე, ერთი თვის განმავლობაში მოამზადონ ნამუშევრები ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოყენებით. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდგომ, მონაწილეები გამართავენ 2-დღიან ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოებას წარუდგენენ თავიანთ ნამუშევრებს, რომელთა საშუალებითაც გამოხატავენ თავიანთ მოქალაქეობრივ პოზიციას მუნიციპალიტეტისთვის მწვავე პრობლემური საკითხის შესახებ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მოსამზადებელი სამუშოებისა თუ ფესტივალის ორგანიზების ეტაპზე, პროექტის მონაწილეებს დაეხმარებიან ორგანიზაცია „გერგარტის“ მენტორები. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ხევის მომავალი“.