ყაზახური გამოცემა კახა ცხადაძეზე - მისნაირი სპეციალისტების დამსახურებაა, ჩვენი ჩემპიონატი რომ პროგრესირებს
ყაზახური გამოცემა კახა ცხადაძეზე - მისნაირი სპეციალისტების დამსახურებაა, ჩვენი ჩემპიონატი რომ პროგრესირებს

„ჩვენს კლუბებში ასეთი დონის სპეციალისტები რომ მუშაობენ, სწორედ ამის დამსახურებაა, ჩვენი ჩემპიონატი რომ პროგრესირებს“ – ასეთი სიტყვებით შეაფასა ყაზახურმა ინტერნეტ-გამოცემა Sports.kz-მ შიმკენტის „ორდაბასის“ ქართველი მწვრთნელის, კახა ცხადაძის საქმიანობა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა „ორდაბასი“ ზაფხულში ჩაიბარა და გუნდს ლიდერებში დააწინაურა. გამოცემა აღნინიშნავს, რომ გუნდმა პროგრესს სწორედ მის ხელში მიაღწია:

„ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტური დარჩა. ბევრ კითხვას პასუხი 11 ნოემბერს გაეცემა. „ორდაბასი“ საუკეთესოთა კვარტეტში მოხვედრის ძალიან კარგ შანსს ინარჩუნებს. ივნისში გუნდი ფინანსური კრიზისის გამო ბულგარელმა სპეციალისტმა გეორგი დერმენჯიევმა დატოვა. მაშინდელ მდგომარეობაში გუნდს მიზნებზე ჯვარი უნდა გადაესვა. ცუდი იყო გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ფეხბურთელების ნაწილიც წავიდა და გუნდის ოთხეულში მოხვედრისაც არავის ჯეროდა. ამ დროს კლუბის ხელმძღვანელებმა კახა ცხადაძე მიიწვიეს, რომელმაც ყაზახ გულშემატკივარს „ქაირათის“ მწვრთნელობისას თავი საუკეთესოდ გააცნო. ის საქმეს შეუდგა – საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბს უხელფასოდ მოუხდა მუშაობა. დავალიანებების გასტუმრება მაშინვე დაწყებულა. ასეთ ვითარებაში ქართველმა მწვრთნელმა არა მხოლოდ შეინარჩუნა გუნდის ბრძოლისუნარიანობა, არამედ გაზარდა კიდეც“ – წერს “Sports.kz”.

ყაზახური გამოცემა ქართველი მწვრთნელის ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვეებს აღნიშნავს: „ძალიან ძვირად ფასობს „ქაირათთან“ მოპოვებული ორი გამარჯვება. ასევე ფრე ასტანაში. ასეთ სამკვდრო – სასიცოცხლო მატჩებში მიღწეულმა წარმატებებმა გულშემატკივარი დაარწმუნა, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელში გუნდს საიმედო მომავალი გააჩნია. რაც მთავარია, ამაში თავად ფეხბურთელები დარწმუნდნენ. ახლა „ორდაბასს“ ნებისმიერ მეტოქესთან თამამად შეუძლია ტოლ- სწორად ბრძოლა. ჩვენს კლუბებთან ასეთი დონის სპეციალისტები რომ მუშაობენ, სწორედ ამის დამსახურებაა, ჩვენი ჩემპიონატი რომ პროგრესირებს. გუნდის წარმატებაში მწვრთნელის წვლილი ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, შიმკენტელთა ახალი წარმატებებიც არაა შორეული პერსპექტივა“.