ყაზახეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე შეცვლილმა წესმა გიორგი გადრანი უგუნდოდ დატოვა #1TVSPORT
ყაზახეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე შეცვლილმა წესმა გიორგი გადრანი უგუნდოდ დატოვა #1TVSPORT

გიორგი გადრანს ყაზახურ კლუბთან კონტრაქტის პირობები შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში, გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, ტრანსფერი ჩაიშალა, – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„მე და ელგუჯა გრიგალაშვილი ყაზახეთში, „ულუტაუში“ მივდიოდით, მაგრამ გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შეგვატყობინეს, რომ შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ყაზახეთის პირველ ლიგაში ლეგიონერების დამატება აკრძალეს.

ასეთი რამ ყაზახეთში არასოდეს ყოფილა. იქაურ ფეხბურთში დღემდე ლეგიონერები დიდ როლს თამაშობდნენ. „ულუტაუსთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე ოთხი თვის წინ შევთანხმდი და, ბუნებრივია, ჩაშლილმა მოლაპარაკებამ პრობლემები შემიქმნა.

საქართველოში ბოლოს „სპაერში“ ვთამაშობდი. ყაზახეთში გადასვლის იმედად გუნდს დავემშვიდობე, ყველამ იცოდა, რომ უცხოეთში მივდიოდი და ახლა უგუნდოდ დავრჩი. თუმცა გუნდებმა სეზონისთვის მზადება ახლა დაიწყეს, დაკომპლექტება ჯერ არ დაუსრულებიათ და იმედი მაქვს, რომ სეზონის დაწყებამდე სასურველი ვარიანტი გამოჩნდება.

ყაზახეთის პრემიერ ლიგის გუნდების პასუხსაც ველოდები, ბევრი რამ უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს. საქართველოდან ჯერ არავინ დამკავშირებია, შესაძლოა, არც იციან, რომ უგუნდოდ დავრჩი“, – ამბობს გიორგი გადრანი.

გიორგი გადრანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. უთამაშია „გაგრაში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, „დესნაში“, „ვპრ-არგოში,“ „დინამო თბილისში“, ბათუმის „დინამოში“, გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „შუქურაში“, „სამტრედიაში“, „სიონსა“ და „სპაერში“.