ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება
ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება და 10 დღემდე გაგრძელდება.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებულად დასრულდა, ორ დღეში დაიწყება სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა. კონტინგენტის გაყვანის პროცესი გაგრძელდება არა უმეტეს ათი დღისა“, – განაცხადა თოყაევმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

თოყაევის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და ამჟამად ყაზახეთში მდგომარეობა სტაბილურია. მისი მტკიცებით, მებრძოლების გეგმა კომპლექსური იყო.

„ყაზახეთზე თავდასხმის გეგმა სხვადასხვა ასპექტებს მოიცავდა – სამხედროს, პოლიტიკურს, იდეოლოგიურს, დეზინფორმაციულს და სხვას. ძალაუფლების ხელში ჩაგდების მზადებაზე პროფესიონალები მუშაობდნენ“, – განაცხადა თოყაევმა მეჯლისში გამოსვლისას.

პრეზიდენტმა ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემის ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ნაციონალური გვარდიის გაძლიერების და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლების საჭიროებას. ყასიმ-ჟომართ თოყაევი ასევე გამოვიდა ინიციატივით, გამკაცრდეს პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის. გადაიხედება სასაზღვრო სამსახურის მუშაობის პრინციპები. მან მთავრობას მოუწოდა, ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ზომები შეიმუშაონ.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის მუშაობა, რომელმაც საფრთხე ვერ შეამჩნია და არეულობის დროს ზოგიერთ ქალაქში კომიტეტის წარმომადგენლებმა სამსახურეობრივი ადგილი მიატოვეს.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის ახალ პრემიერს ალიხან სმაილოვს მთავრობის სამოქმედო პროგრამის წარდგენა დაავალა.

დატოვე კომენტარი