ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სენატორი რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე დააკავეს
ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სენატორი რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მედიასაშუალებებისთვის მაუწყებლობა პარლამენტის ზედა პალატის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიზღუდა.
გავრცელებული ცნობით, რაუფ არაშუკოვს ბრალად ედება 2010 წელს დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა, ორი ადამიანის მკვლელობა და კიდევ ერთი პირისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება.
რუსული მედია წერს, რომ არაშუკოვმა, სავარაუდოდ, დოკუმენტებიც გააყალბა, რომლის საფუძველზე შემდეგ ყარაჩაი-ჩერქეზეთის სენატორი გახდა.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ სენატორს ხელშეუხებლობის უფლება ჩამოართვა.
რაუფ არაშუკოვს, სავარაუდოდ, სამთვიან წინასწარ პატიმრობას მიუსჯიან. 32 წლის რაუფ არაშუკოვი მსხვილი ბიზნესმენის, რაულ არაშუკოვის შვილია, რომელიც ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში საქმიანობს. რაუფ არაშუკოვი ფედერაციის საბჭოს წევრი 2016 წელს გახდა.