ყაჩაღობაში ბრალდებულს რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყაჩაღობაში ბრალდებულს რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს, ძარცვისთვის ნასამართლევმა გ.მ.-მ, ბათუმში უკანონოდ შეაღწია ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს „თაიმსში“ და პისტოლეტის მსგავსი საგნით თანამშრომლის მიმართ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით შეეცადა დაუფლებოდა 10693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტას, რა დროსაც იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დატოვე კომენტარი